რელიგია
საქინფორმი უკიდურესად უარყოფითად აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 2014 წლის 20-22 თებერვალს დაგეგმილ წმინდა მამათა საფლავების გახსნას და მათი ნეშტების გადასვენებას

1-neSti-saz-2საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
ა.წ 20 თებერვალს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ბეთანიაში გაიხსნება მამა გაბრიელის მოძღვრის ღირსი მამა გიორგი-იოანეს (მხეიძე) და ღირსი მამა იოანეს (მაისურაძე) წმინდა ნაწილები და დასვენდება ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში.
დღესვე, 19:00 საათზე, დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 24:00 საათზე - საზეიმო წირვა ღამისთევით. წირვა-ლოცვა და პარაკლისები შემდეგ დღეებშიც აღესრულება.

ა.წ 22 თებერვალს, შაბათს, 12:00 საათზე აღმოყვანებული იქნება სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალული ღირსი მამის, წმინდა გაბრიელ სალოსის (ურგებაძე) წმინდა ნაწილები. წმინდა ნეშტი ჯერ დასვენდება სამთავროს ფერისცვალების ტაძარში, ხოლო 18:00 საათზე გადასვენდება სვეტიცხოველში. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლოცვა დაიწყება შაბათს 19:00 საათზე, ხოლო კვირას - საზეიმო წირვა 10:00 საათზე. წირვა-ლოცვას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ორშაბათს, 24 თებერვალს, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გადმოსვენებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში, ერთი კვირის მანძილზე იქნება აქ დაბრძანებული და მრევლს ექნება საშუალება პატივი მიაგოს მას. შემდეგ კი იგი დაიკრძალება სამთავროს ფერისცვალების ტაძარში. (დამატებით ინფორმაციას შემდგომ კიდევ მოგაწვდით).

ღირსი მამა გიორგი-იოანე მხეიძის, ღირსი მამა იოანე მაისურაძის, ღირსი მამა გაბრიელ სალოსის და სხვა ქართველ წმინდანთა ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.

საქინფორმი, თავისი მრავალრიცხოვანი მკითხველების და ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის სახელით, უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ 2014 წლის 20-22 თებერვალს დაგეგმილი, ზემოჩამოთვლილი წმინდა მამების საფლავების გახსნის და მათი ნეშტების სხვაგან გადასვენების მიმართ. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი საფლავის, მითუმეტეს, წმინდანთა საფლავების ყოველგვარი საჭიროების გარეშე შეწუხება მკრეხელობაა, რომელიც ეწინააღმდეგება დაკრძალვის მართლმადიდებლური წესის თავად არსს, როდესაც განსვენებულის სხეულს მიწას აბარებენ, რომელმაც ის შვა,და კვლავ მისი ნაწილი ხდება. და განა ქართველი ხალხის სათაყვანონი ქართულ მიწაში, სამშობლოში კი არა, უცხო მიწაზე განისვენებენ?

მიგვაჩნია, აგრეთვე, რომ ეს აქტი მორიგი დარტყმაა მართლმადიდებლობაზე თავდასხმების სერიაში, რომელიც საქართველოში უკვე ღია ფორმაში გადავიდა - როდესაც საქართველოსთვის სათაყვანო ყველა წმინდანის, მათთან გათანაბრებული ეროვნული სიმბოლოების და გმირების როლი ერთმანეთის მიყოლებით ერთ ზოგადსაშუალო დონემდე  კნინდება.