უცხოეთი
ოპოზიციის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი დაზავებაზე შეთანხმდნენ

1-iacenuk-ucx-1საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ბატკივშჩინას“ ხელმძღვანელმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ 20 თებერვლის ღამეს ოპოზიციის ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკების მიმდინარეობისას მიღწეულია შეთანხმება დაზავების შესახებ. იაცენიუკის განცხადება ფრაქცია „ბატკივშჩინას“ ოფიციალურ საიტზეა განთავსებული. „არის პოზიტიური სიახლე - მაიდნის გაწმენდა და შტურმი, რომელიც იგეგმებოდა, აღარ იქნება, - იტყობინება იაცენიუკი, - ახლა გამოცხადებულია ზავი და მოლაპარაკების პროცესის დასაწყისი სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“.

იაცენიუკის გარდა უკრაინის პრეზიდენტთან მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ პარტია „უდარის“ ლიდერი ვიტალი კლიჩკო და „სვობოდას“ ხელმძღვანელი ოლეგ ტიაგნიბოკი.

18 თებერვალს კიევში სასტიკი შეტაკებები დაიწყო ოპოზიციის მომხრეებსა და სამართალდამცავი ძალების თანამშრომლებს შორის. არეულობების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 26 ადამიანი, კიდევ 800 კი დაიჭრა.

19 თებერვლის დილას უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გამოვიდა მიმართვით, სადაც ოპოზიციას „მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის და კომპრომისზე წასვლისკენ“ მოუწოდა.