უცხოეთი
სიტუაცია უკრაინაში: რფ სახელმწიფო გადატრიალებაზე ლაპარაკობს, ევროკავშირი სანქციებზე მსჯელობს

1-ukr-zarub-3საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ბოლო მონაცემებით, კიევში შეტაკებებმა  25 ადამიანი იმსხვერპლა. უკრაინის შსს-მ 58 კაცის დაკავებისა და 40 სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განაცხადა. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ უკრაინაში რადიკალების ქმედებები შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რაზეც პასუხისმგებლობა ექსტრემისტებს ეკისრებათ. მოსკოვი მაიდანის ლიდერებისგან სისხლისღვრის შეწყვეტასა და ქვეყნის ხელისუფლებასთან დიალოგის აღდგენას მოითხოვს. ევროკავშირი კი ინდივიდუალური სანქციების შემოღებას გეგმავს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხუთშაბათი, 20 თებერვალი არეულობებში დაღუპულთა გლოვის დღედ გამოაცხადა.

შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და სამხედრო ქონების დატაცების მცდელობა რომ არ დაუშვას, თავდაცვის სამინისტრო აძლიერებს სამხედრო არსენალებისა და საწყობების დაცვას. ამავე დროს უწყება უარყოფს ინფორმაციას შეიარაღებული ძალების ნაწილებისა და ქვედანაყოფების დისლოკაციის შეცვლის შესახებ კიევის მომიტინგეთა ძალისმიერი გზით დასაშლელად.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ცალკეული პოლიტიკოსების ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ არის მიმართული, გამოძიება დაიწყო. შსს-მ კიევში არეულობებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დააკისრა. სამინისტროს ხელმძღვანელმა ვიქტორ ზახარჩენკომ განაცხადა, რომ შსს აფრთხილებდა ოპოზიციურ ძალებს იმის შესახებ, რომ მაიდანზე მყოფ ექსტრემისტებს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ.

„ჩვენ ვლაპარაკობდით მათ რადიკალურ განწყობაზე. იმაზე, რომ ისინი მზად არიან იარაღის გამოსაყენებლად. მომხდარ მოვლენებზე მელი პასუხისმგებლობა ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს უნდა დაეკისროს“, - აღნიშნა ზახარჩენკომ.

ამავე დროს, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები აგრძელებენ ადმინისტრაციული შენობების დაკავებას ქვეყანაში. კიევში კი მეხანძრეები ცეცხლს ებრძვიან, თუმცა, დაბლოკილი ქუჩების გამო ობიექტებამდე მიღწევას დროულად ვერ ახერხებენ.