საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. აშშ, რომელიც მოუწოდებს, უკრაინელი ხალხის თავისუფალ არჩევანს ხელი არ შეუშალონ, ქვეყანას განვითარების „დასავლურ ვექტორს“ ახვევს თავს, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის კომენტარში.
„კიდევ ერთხელ ვახდენთ იმის კონსტატირებას, რომ უკრაინელი ხალხის თავისუფალი არჩევანისთვის ხელის არ შეშლის მოწოდებას ამოფარებული აშშ სინამდვილეში ცდილობს, მას თავს მოახვიოს განვითარების „დასავლური ვექტორი“, როგორც ერთადერთი სწორი, და სუვერენული ქვეყნის ხელისუფლებას კარნახობს, თუ რა და როგორ უნდა გააკეთონ“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.მისივე თქმით, ამას მოწმობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე მარი ჰარფის განცხადება პრესისათვის, სადაც უხვადაა დარიგებული ინსტრუქციები უკრაინის ხელისუფლების შემდგომი მოქმედებების თაობაზე.
„კერძოდ, კიევისგან ითხოვენ, შეწყდეს ყოველგვარი საგამოძიებო მოქმედებები არეულობების მონაწილეთა წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შეუდგნენ მრავალპარტიული ტექნიკური მთავრობის ფორმირებას. ამასთან, თუ Youtube-ზე ამას წინათ განთავსებული აუდიოჩანაწერის მიხედვით ვიმსჯელებთ, მომავალი პოსტების „ქასთინგი“ ამერიკულმა მხარემ წინდაწინ დაიწყო. რა შედეგს გამოიღებს ამგვარი აქტიურობა, კარგადაა ცნობილი ცოტა ხნის წინანდელი ისტორიული მაგალითებით“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
რა ხდება უკრაინაში
2013 წლის ნოემბრიდან კიევსა და რიგ სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. თავიდან ისინი უკრანის ევროინტეგრაციის პროცესის „გაყინვის“ ფონზე დაიწყო, შემდეგ კი არეულობებში გადაიზარდა, მას მერე, რაც მიტინგებში მონაწილეობისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე კანონპროექტები მიიღეს. არეულობებისას დაჭრილთა რაოდენობამ რამდენიმე ასეულს მიაღწია, იყვნენ დაღუპულებიც. მოკლე ხანში ხსენებული კანონები გააუქმეს. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საპროტესტო აქციების მონაწილეთათვის ამნისტიას და პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომას, რომელიც თავის მოვალეობებს ახალი მთავრობის ფორმირებამდე შეასრულებს. პრემიერის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრემიერი სერგეი არბუზოვი.
დღეისათვის ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკის დაბრუნებაა, რაც, მათი აზრით, საშუალებას მისცემთ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გადაჭრან.
სამშაბათს რადიკალების ჯგუფი უკრაინაში კანადის საელჩოს შენობაში შეიჭრა და დაარბია. ამის შესახებ უკრაინის შსს-ს ვებგვერდი იუწყება.
„ხელკეტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი უკრაინაში კანადის საელჩოს შენობაში შეიჭრა, სადაც ქონება გაანადგურა და შეეცადა სხეულის დაზიანებები მიეყენებინა უცხოური წარმომადგენლობის პერსონალისათვის“, - ნათქვამია ცნობაში.
ამასთან, შსს-ს ცნობით, უცნობი პირები ცდილობდნენ, ასაფეთქებელი მოწყობილობის მეშვეობით იერიში მიეტანათ დედაქალაქის მილიციის პეჩორის სამმართველოზე. მათ ხელში ჩაიგდეს ორი ტროლეიბუსი, რომლებითაც ქალაქის ცენტრში ორი ქუჩა გადაკეტეს. წესრიგის დამრღვევებმა კიევის ცენტრში რამდენიმე ოფისი მოაწყვეს, დააზიანეს სასწრაფო დახმარების მანქანა, ხელში ჩაიგდეს რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა. მასშტაბური არეულობები კიევში სამშაბათს განახლდა. მილიციის მონაცემებით, ოპოზიციონერებმა პირველად გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი - დაიჭრა შინაგანი ჯარების 5 მებრძოლი. სულ კი 50 სამართალდამცველი დაზარალდა.