უცხოეთი
პარტია „იობიკის“ დეპუტატი ტამაშ გაუდი-ნადი აქტიურად გამოდის უნგრული მიწებით ვაჭრობის შესახებ კანონის წინააღმდეგ. ეს მიწის საკითხი ნამდვილად ძალიან აქტუალურია დღეს უნგრეთში. ქვეყანაში უკვე ნებადართულია ბინადრობის უფლების მიყიდვა უცხოელებისათვის, რაც მათ უფლებას აძლევს შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით ისარგებლონ. უნგრელებს თავისი მიწისადმი სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ. ამიტომ დეპუტატმა ტამაშ გაუდიმ თავისი გამოსვლის შემდეგ თამამი ნაბიჯი გადადგა. სხდომის დარბაზიდან ევროკავშირის ორივე დროშა აიღო, კორიდორში გაიტანა და პატარა სიტყვა წარმოთქვა ევროკავშირისა და მისი მოთხოვნების მავნებლობაზე. საბოლოოდ, სკანდალისტმა დეპუტატ ბალაჟ ლენჰარდტან ერთად ევროკავშირის დროშები ფოტოკამერების წინ პარლამენტის ეზოში გამავალი ფანჯრიდან გადაყარა.
უნგრეთის პარლამენტის ფანჯრიდან ევროკავშირის დროშების გადაყრამ ევროკავშირისა და უნგრეთის მომავალზე ბევრი კითხვა წარმოშვა. სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემებით, მოსალოდნელია მომავალ არჩევნებში ევროპარლამენტში ე.წ. ევროსკეპტიკოსების პარტიის გამარჯვება და მაშინ ევროკავშირის დროშები შესაძლოა სხვა ქვეყნებშიც გადაყარონ ფანჯრებიდან. ამის ფონზე კი კიევის ევრომაიდანზე მოფრიალე დროშები პათოსური რომანტიკის შარავანდედს კარგავს.