ედუარდ შევარდნაძე: “მჯერა პუტინის დანაპირების... ძალიან მალე ურთიერთობის აღდგენის პროცესი დაიწყება“
საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. "რუსეთის პირველმა პირმა, რომელმაც საქართველოს პირველ პირთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის", - ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესი უეჭველად დაიწყება.
"პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ვთქვი, რომ მისი უწმინდესობის ეს ვიზიტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისად მესახებოდა. მაშინ ისიც განვაცხადე, მჯერა იმ დანაპირების, რომელიც პუტინმა ჩვენს პატრიარქს მისცა-მეთქი. ეჭვი არ მეპარება, ძალიან მალე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, ურთიერთობის აღდგენის პროცესი დაიწყება და, რაც მთავარია, პროცესში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები", - განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.