პუბლიკაციები
სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს!

samart-1-analit-1საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ზუგდიდში, სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ოფისში, რომელიც რუსთაველის ქ. 68-ში მდებარეობს, ელექტროენერგიის წყაროსთან დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა იქნა აღმოჩენილი.

საქინფორმის ჟურნალისტთან საუბრისას სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ დღემდე ამ ფაქტის გახმაურებას შიდა მოკვლევის გამო არ ახდენდნენ:

ზურაბ კვარაცხელია: რამდენიმე დღის წინ ჩემს სამუშაო კაბინეტში, მაგიდიდან დაახლოებით ნახევარი მეტრის მანძილზე ელექტროენერგიის წყაროსთან აღმოვაჩინეთ მოსასმენი აპარატურა, რომელიც კალმით დანომრილია კიდევაც.

- როგორ ფიქრობთ, როდის და ვის შეიძლებოდა დამონტაჟებინა აღნიშნული მოსასმენი აპარატურა?

- შეიძლება მსგავსი რამ ძველი ხელისუფლების დროსაც იყო სხვა ოთახებში დამონტაჟებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ახალი ხელისუფლების პირობებშია გაკეთებული, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერ დავამტკიცებ.

- რა მიზეზით ან მიზნით შეიძლება სჭირდებოდეს ხელისუფლებას თქვენი საქმიანობის ფარული მოსმენა?

- საქართველოს ყველა ხელისუფლება, ზვიად გამსახურდიას მთავრობის გამოკლებით, თავისი იდეოლოგიით წყლის ერთი წვეთივით ჰგავს ერთმანეთს - ყველაფერი ეროვნული ჭირივით ეზიზღებათ!

ჩვენი ორგანიზაცია კი ჭეშმარიტად ეროვნულ, ქართულ საქმეს აკეთებს, ეს ეხება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-განვითარებას, ენგურსმიღმა დარჩენილ ქართველებთან და აფხაზებთან ურთიერთობის დამყარების პროცესის ხელშეწყობას თუ სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტას.

გარდა ამისა, ჩვენს ორგანიზაციას არასოდეს დაუმალავს, რომ ევროპაზე საგარეო ორიენტირის აღება საქართველოს კი არ გაამთლიანებს, არამედ კიდევ უფრო დააქუცმაცებს. ჩვენ ყოველივე ქართულის, ქართველურის დაცვისათვის და შენარჩუნებისთვის ვიბრძვით - როგორც ჩანს, ეს და სხვა ფაქტორები წინა და ახლანდელ ხელისუფლებას ძალიან აღიზიანებს და ამიტომაც გადაწყვიტეს ჩვენი ფარული მოსმენა.

- ბატონო ზურაბ, აღნიშნულთან დაკავშირებით თუ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს?

- ჯერჯერობით არ მიგვიმართავს, მაგრამ ვაპირებთ, რომ შესაბამის უწყებებს დავუკავშირდეთ და ვთხოვოთ აღნიშნული ფაქტის გამოძიება.