უცხოეთი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

azerbaijanSi-ucx-1საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველი  ოფიციალური ვიზიტით დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ქვეყნის პირველი პირი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს შეხვდება, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.  საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან.

ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად საპატიო დაკრძალვისხეივანში აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას მიაგებს პატივს.  საქართველოს პრეზიდენტი შეჰიდების ხეივანში გვირგვინით შეამკობს  მარადიული ცეცხლის მემორიალს.

დღის დამლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური სადილით საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლებს.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში 13 თებერვალს კახის რაიონის მონახულებით დასრულდება, სადაც ადგილობრივ, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და მახირ დარზიევი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი ივანე მაჭავარიანი.

დელეგაცია საქართველოში 13 თებერვალს დაბრუნდება.