სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ ქართული მეღვინეობის ისტორია ქართველი ხალხის მთელ ისტორიასთან არის დაკავშირებული და, ამდენად, ვაზი და ღვინის კულტურა ქართველობის იდენტობის ტოლფასია. მისივე თქმით, შემზარავი იყო, როცა მთელმა საქართველომ ნახა ნაჯახმომარჯვებული კახელი გლეხი, თავისი ხელით რომ ჩეხდა ვაზს. „ვაზისა და ღვინის ქვეყანაში ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს, ამას ჩვენ არ დავუშვებთ! ჩვენ ვალდებული ვართ ვიზრუნოთ მევენახეობაზე, ხელი შევუწყოთ მის გადარჩენასა და განვითარებას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ,,ქართული ვაზის და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის“ პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა და მას სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი, ასევე, მსოფლიოში ცნობილი მკვლევარები და მეცნიერები დაესწრნენ.