რელიგია
საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქია ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს

eparxia-zarub-1საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორი. საქართველოში სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიამ უარყო ეკლესიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის მისამართით ორგანიზაცია „გლობალ ბრიჯის“ ხელმძღვანელის გიორგი ელიბეგოვის მიერ გამოთქმული ბრალდება. „ია რეგნუმს“ ეპარქიის პასუხი სრულად მოჰყავს:

2014 წლის 7 თებერვალს „ია რეგნუმში“ გამოქვეყნდა მასალა სათაურით “საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსს არამიზნობრივ ხარჯებში ადანაშაულებენ“. მას საფუძვლად დაედო გიორგი ელიბეგოვის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. მასში ელიბეგოვი საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვრის, მისი უწმინდესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის სახელის შელახვას ლამობდა. ზემოთქმულთან დაკავშირებით ვაცხადებთ:

1. იურიდიულ, სახელმწიფო ორგანოებთან და რელიგიათაშორის თანამშრომლობის საკითხთა განყოფილებამ მიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კითხვით, არის თუ არა გიორგი ელიბეგოვი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ნაციონალური უმცირესობის საბჭოს წევრი. კითხვაზე უარყოფითად გვიპასუხეს. გიორგი ელიბეგოვმა იცრუა „ია რეგნუმის“ წარმომადგენელთან, როცა თავი პრეზიდენტთან არსებული საბჭოს წევრად წარუდგინა.

2. მასალაში მითითებული იყო, რომ „საიათ-ნოვას დღესასწაულზე თბილისში იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი სომხური თემისთვის ფონდ „ქართუდან“ გამოეყო 100 ათასი ლარი სხვადასხვა საზოგადოებრივი წამოწყებისათვის“. სინამდვილეში, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, სომხური ეპარქიის საკათედრო ტაძარი სურბ-გევორქის სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ტაძრის რესტავრაციის საქმეში წვლილის შეტანის ინიციატივა გამოიჩინა. მან განკარგულება გასცა, პირადი ფონდი „ქართუდან“ შემოწირულობის სახით სარესტავრაციო სამუშაოებისათვის გამოეყოთ 100000 ლარის ოდენობის თანხა, რომელიც საქართველოში სომხური სამოციქულო ეპარქიის ანგარიშზე გადაირიცხა, იქიდან კი სურბ-გევორქის ეკლესიის რეკონსტრუქციის ფონდში. აღსანიშნავია, რომ ბატონმა ივანიშვილმა, ისევე, როგორც სხვა მეცენატებმა, სურბ-გევორქის ეკლესიის სარეკონსტრუქციო ფონდიდან მისი  წლიური საქმიანობის ანგარიში მიიღეს, სადაც მითითებულია, რა მიზნებზე დაიხარჯა მიღებული სახსრები. შემოწირულობებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ეპარქიის საიტზეა ხელმისაწვდომი.

3. რაც შეეხება საქართველოში სომხური ეპარქიის წინამძღვრის „უარს“ ეპარქიის საბჭოს შექნაზე, აღვნიშნავთ, რომ ეპისკოპოსი ვაზგენი, სომხური ეპარქიის იურიდიულ პირად რეგისტრაციის მომენტიდან, საქართველოს სომეხ საზოგადოებასთან განიხილავს ეპარქიის საბჭოს შექმნის საკითხს. უფრო მეტიც, ეპარქიის წინამძღვარმა ყველა სომეხის პატრიარქსა და უმაღლეს კათოლიკოსს, მის უწმინდესობა გარეგინ მეორეს ეპარქიის საბჭოს დებულების პროექტი დასამოწმებლად გაუგზავნა და უახლოეს ხანებში მის დამტკიცებასა და ამოქმედებას ველით.

4. რაც შეეხება სახსრების კონტროლის მექანიზმს, რომელიც სომხურ ეპარქიას სახელწიფო ბიუჯეტიდან საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ასანაზღაურებლად გამოეყოფა, აღვნიშნავთ, რომ, როგორც კი ცნობილი  გახდა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ სახსრების გამოყოფის თაობაზე, ეპისკოპოსმა ვაზგენმა განკარგულება გასცა, საქართველოში სომეხი საზოგადოების წარმომადგენელთა ყურამდე მიეტანათ, რომ სომხურ ეპარქიასთან შეიქმნებოდა სამეურვეო საბჭო, ღვთისმსახურთა და სამოქალაქო პირთა შემადგენლობით, რომელიც ბიჯეტიდან გამოყოფილ სახსრებს განკარგავდა.

5. რაც შეეხება იმას, თითქოსდა ეპისკოპოსი ვაზგენი საქართველოს ხელისუფლების მიმართ რადიკალურად იყოს განწყობილი და თითქოს მის რადიკალიზმსა და დაპირისპირებას საქართველოს მთავრობასთან ქვეყნის სომეხი მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესება შეუძლია, აქ უკვე ელიბეგოვი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ნუთუ ნეგატიურად განწყობილი მთავრობა თანხებს გამოუყოფდა იმ სუბიექტს, რომლის მიმართაც ნეგატიურად არის განწყობილი?

6. ელიბეგოვი თავის ნათქვამში ხშირად იმოწმებს ე.წ. საქართველოს სომეხი თემის წარმომადგენლებს. ვინ არიან ეს წარმომადგენლები? არ არის საჭირო საკუთარი ბოდვის ლეგიტიმაციისათვის სხვისი სახელის გამოყენება. თუკი ასეთი ხალხი ნამდვილად არსებობს, მზად ვართ მათი პოზიციის მოსასმენად“.