აქტუალური
საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. დღეს, 7 თებერვალს მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით 41 საკითხი განიხილეს, დაემატა 1 საკითხი, დამტკიცდა 42 საკითხი.
ამას გარდა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინციატივით დამტკიცდა მიუსაფარ პირთა დროებითი თავშესაფრის ფუნქციონირების მინიმალური სტანდარტები, კვების ორგანიზების ნორმები, დროებითი თავშესაფრის შინაგანაწესი და პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები.
დღესვე მთავრობის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის მიხედვითაც, ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შესაბამის სამინისტროებს დაევალათ ყოველწლიური სამოქმედო გეგმის, ანგარიშების მომზადება და შესრულების მონიტორინგი.
მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო“, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დაექვემდებარება და იმუშავებს რელიგიური ორგანიზაციების სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, საბჭოთა რეჟიმის მიერ დაზარალებული ოთხი რელიგიური მიმდინარეობისთვის ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებისთვის გამიზნული თანხის განკარგვაზე.