უცხოეთი
მიწვეულია თუ არა სოჭის ოლიმპიადაზე ლეონიდ თიბილოვი?

1-tibilov-ucx-2საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. სააგენტო „რესმა“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეონიდ თიბილოვი სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზეა მიწვეული. პრესმდივანმა განა იანოვსკაიამ ასევე განაცხადა, რომ ლეონიდ თიბილოვი ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც უცხოეთის სახელმწიფოების 40-ზე მეტი ხელმძღვანელისა და მთავრობის მეთაურის პატივსაცემად გაიმართება, რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერაა  მიწვეული.

ამასთან დაკავშირებით ბრიუსელში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის მხარე არ აპირებს ოფიციალურად მიიწვოს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ლიდერი ლეონიდ თიბილოვი სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.

„შევიტყვე, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ არ აპირებს ოფიციალურად მიიწვიოს (ლეონიდ თიბილოვი - საქინფორმი). არ ვიცი, დაველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ უნდა ავჩქარდეთ. შევხედოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. ჩვენ ადევატური ვიქნებით და სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ“.

გუშინვე ამ საკითხზე ბრიუსელიდან კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც. „ინფორმაცია (ოლიმპიადაზე ლეონიდ თიბილოვის მიწვევის შესახებ - საქინფორმი) ჯერჯერობით მხოლოდ მედიაში ვრცელდება. ჩვენ გვინდა ოფიციალურად გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია, რაზეც უკვე მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ოფიციალური ინფორმაციის მიღების შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.