უცხოეთი
მაკფოლი რუსეთში აშშ-ის ელჩის პოსტზე წარუმატებლობების შესახებ ჰყვება

1-makfol-ucx-1საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთში აშშ-ის ელჩი მაიკლ მაკფოლი აცხადებს, რომ რუსეთიდან მისი გამგზავრების გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ უდევს.

„ეს სრულებით არ უკავშირდება არც აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებს და არც რუსეთის ხელისუფლების რაიმე გადაწყვეტილებას. მე ხოლოდ ოჯახთან დაბრუნება მსურს კალიფორნიაში“, - აღნიშნა მან „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში და დასძინა, რომ თავისიანები უკვე 7 თვეა არ უნახავს.

ამერიკის დიპმისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ ასევე განზრახული აქვს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას გუნდის დატოვება, რომელთანაც ბოლო 7 წელი მუშაობდა. „ჩემთვის არსებული სიტუაცია არა მარტო მოსკოვიდან გამგზავრება, არამედ ცხოვრებისეული ეტაპის ცვლილებაცაა“, - განმარტა დიპლომატმა.

ამასთან, „კომერსანტთან“ ინტერვიუში თავის მთავარ მარცხად ელჩის პოსტზე მან ის ფაქტი დაასახელა, რომ აშშ-მა და რუსეთმა ვერ შეძლეს „ლიდერობის დემონსტრირება“ 2011 წელს სირიაში კონფლიქტის დაწყებისას. „ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ამიტომ ამას დიპლომატიის თვალსაზრისით ნამდვილ მარცხად მივიჩნევ“, - განაცხადა მაკფოლმა და დასძინა, რომ ამ პოზიციას შესაძლოა მისი ამერიკელი კოლეგები არ იზიარებდნენ.

თავის მეორე წარუმატებლობად ელჩს ის მიაჩნია, რომ ვერ შეძლო მითის დამსხვერევა, რომლის თანახმადაც „აშშ-ს რუსეთში რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის დესტაბილიზება სურს“.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ აშშ-ის ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა 2014 წლის 4 თებერვალს განაცხადა, რომ სოჭში ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ელჩის პოსტს დატოვებს და სამუშაოდ სტენფორდის უ ნივერსიტეტში დაბრუნდება. მაკფოლის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.