სამართალი
ბიძინა ივანიშვილი: „"მოქალაქეს" პირველადი დანიშნულება იქნება, რომ დაეხმაროს მედიას ტრენინგების, კვალიფიკაციის და სხვა ტიპის გადამზადებაში“

1-media-samartali-2საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „რედისონში“ ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის მოკლე წარდგინების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

ყოფილი პრემიერის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" ქართულ მედიას კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება, თუმცა ამავდროულად კონტროლსაც გაუწევს.

"მოქალაქეს" პირველადი დანიშნულება იქნება, რომ დაეხმაროს მედიას ტრენინგების, კვალიფიკაციის და სხვა ტიპის გადამზადებაში. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ახალი ანალიტიკოსების მომზადების დაფინანსება. ჩვენ მხოლოდ დავაფინანსებთ და ორგანიზებას გავუწევთ, რომ ეს პროცესი იყოს ჯანსაღი, მედიასაშუალებებთან შეთანხმებით და მათი მოთხოვნის მიხედვით დავეხმარებით სხვადასხვა ტიპის გრანტებით, რომ სრულყოფილი ანალიზის შესაძლებლობა ჰქონდეს ყველა მედიასაშუალებას. დროულად, ობიექტურად, ხარისხიანად და, რა თქმა უნდა, პროფესიონალურად მიწოდებული ინფორმაცია, საზოგადოებას დაეხმარება იმაში, თუ როგორ უნდა ავირჩიოთ და შემდეგ როგორ ვაკონტროლოთ ხელისუფლება", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე შეფასებით, ზოგჯერ ყველაზე პროფესიონალი ჟურნალისტი თუ ანალიტიკოსი ყველაზე ურცხვად ტყუის, შესაბამისად, "მოქალაქეს" ამოცანა აქვს, რომ ამავდროულად ჩატარდეს მედიის ობიექტურობის, ხარისხისა და სრულყოფილების პერმანენტული კვლევები, რომლებიც საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს დაევალებათ, თუმცა საზღვარგარეთიდანაც იქნებიან მოწვეული ამ სფეროში ავტორიტეტული სპეციალისტები და სპეციალური ორგანიზაციები, რაც ისევ მედიის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.