საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისართან შტეფან ფულესთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან, რის შემდეგაც მხარეები მედიასთან ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონთან. ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება და მასთან ერთად მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.
ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა ეგმონტის ინსტიტუტის კონფერენციაზე, ის, ასევე, მიწვეულია ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო სადილზე.
ბელგიის სამეფოში მნიშვნელოვანი შეხვედრების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტერვიუს მისცემს რამდენიმე უცხოურ მედიასაშუალებას - ტელეკომპანია BBC-ს, ფრანგულ საერთაშორისო სამაუწყებლო ტელეკომპანია FRANCE 24-ს, ასევე REUTERS-ს, EURONEWS-ს, WSJ-ს და LE MONDE-ს.