რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “მიუნხენის შეთქმულება” - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა საშიში დამნაშავე, რომელმაც საქართველოსა და უკრაინაში ომები გააჩაღა - მიხეილ სააკაშვილი!

1-pol-1-red-mt-miunxen2014 წლის 31 იანვარს-2 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების 50-ე კონფერენცია ჩატარდა, რომლის მთავარი თემა უკრაინაში არსებული მდგომარეობა იყო. ამასთან დაკავშირებით მიუნხენის კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ გაეროს გენერალური მდივანი, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები 90 ქვეყნიდან, მოიწვიეს პარტია “უდარის” ლიდერი, მოკრივე ვიტალი კლიჩკო, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ბატკივშჩინას” ლიდერი არსენი იაცენიუკი, აგრეთვე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ყოფილი მინისტრების - რეინტეგრაციის ექსმინისტრ თემურ იაკობაშვილის და საგარეო საქმეთა ექსმინისტრ ეკა ტყეშელაშვილის ამალით (08.08.08 ომის შემდეგ სააკაშვილმა იაკობაშვილი აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნა, ხოლო ტყეშელაშვილი - უშიშროების საბჭოს მდივნად).

ამგვარად, საქართველოს ყოფილი ხელისუფლება მიუნხენის კონფერენციაზე  ისეთივე რაოდენობრივი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, როგორც დღევანდელი ხელისუფლება: საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასაც “ტრიო” წარმოადგენდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ამალის -  საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მაია ფანჯიკიძისა და ირაკლი ალასანიას შემადგენლობით.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინაში ჩასვლის უფლება არა აქვს:

- კიევის ევრომაიდნის” მთავარი სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი და მონაწილეა, რომელმაც იქ დასახმარებლად (როგორც ადრე - იულია ტიმოშენკოს “ბიუტის” დასახმარებლად) ნაცპარლამენტარებით, "ბოლოტნაიას" ვასილიჩის (თარგამაძე) ზონდერრაზმებით, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებით, "თავისუფალი ზონის" ტიპის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მოიერიშეებით, მერაბიშვილის  და ყოფილი ПИК-ელებით - დივერსანტებით დაკომპლექტებული საკუთარი დესანტი შეაგზავნა, რაც დაფიქსირებულია მრავალ ტელერეპორტაჟში კიევიდან, სადაც ქართული ლაპარაკი ისმის;

- რომ თავად სააკაშვილის აღიარებით, ის მიუნხენში კლიჩკოს მხარდასაჭერად ჩავიდა, რადგან "ახლა უკრაინაში წყდება საქართველოს, მთელი რეგიონისა და ევროპის ბედი": "რაც აქ ხდება, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც ჩვენი ადგილობრივი", - განუცხადა მან ქართულ ტელეარხებს 2014 წლის 1 თებერვალს;

- რომ სააკაშვილი სახიფათო საერთაშორისო სამხედრო დამნაშავე გახლავთ, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ძმათა მკვლელი სამოქალაქო ომი გააჩაღა, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ რეგულარული არმია გამოიყენა და ამით ჩაიდინა დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, რის შედეგადაც საქართველომ ტერიტორიის 20% დაკარგა;

- რომ 3 თვის განმავლობაში გაგრძელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების და სამოქალაქო ომის ზღვარზე დარბევების შედეგად უკრაინა შესაძლოა გაიხლიჩოს და მას დასავლეთის ოლქები ჩამოსცილდეს,

შეგვიძლია ისტორიული პარალელები გავავლოთ და 2014 წლის მიუნხენის კონფერენციას “მიუნხენის შეთქმულება” ვუწოდოთ.

* 1938 წლის მიუნხენის შეთქმულება - შეთანხმება, რომელსაც 1938 წლის 30 სექტემბერს  მიუნხენში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ დალადიემ, გერმანიის რაიხსკანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა ბენიტო მუსოლინიმ მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმების მიხედვით, სუდეტის ოლქი ჩეხოსლოვაკიას ჩამოშორდა და გერმანიას გადაეცა (ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქში, ისევე როგორც უკრაინის იმიერკარპატების ოლქში, კომპაქტურად ცხოვრობდნენ გერმანელები).

და თუ სააკაშვილის გეგმა გაამართლებს (ევროკავშირის და აშშ-ის აპლოდისმენტების ქვეშ, რომლებმაც მიუნხენის კონფერენციაზე ოფიციალურად აღიარეს უკრაინელი პუტჩისტების ლეგიტიმურობა!), მაშინ უკრაინის შემდეგ ისევ საქართველოს ჯერი დადგება, სადაც სააკაშვილი დაბრუნდება, ქვეყანაში “ევრომაიდან 2”-ს მოაწყობს და მის დანაწევრებას განაგრძობს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 3 თებერვალი,
საქართველო, თბილისი

1pol-2-miunxen-vniz