უცხოეთი
ვიქტორ იანუკოვიჩი ბიულეტენზეა

1-viktor-ucx-1საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩ ბიულეტენზე იმყოფება. ამის შესახებ სამედიცინო საკითხებში სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ ორდა იტყობინება.

„უკრაინის პრეზიდენტს ბიულეტენი გაუხსნეს მწვავე რესპირატორულ დაავადებასთან დაკავშირებით, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ახლავს თან“, - იმოწმებს მის სიტყვებს პრეზიდენტის პრესსამსახური.

წინა დღეს სახელმწიფოს მეთაურმა ვადამდელი არჩევნების ალბათობაზე ისაუბრა.

ოთხშაბათს უკრაინის ლიდერმა მმართველი პარტია „რეგიონების“ რამდენიმე სხდომა ჩაატარა. შეხვედრების შედეგებთან დაკავშირებით დეპუტატმა ვლადიმერ ოლეინიკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლოა იანუკოვიჩა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე თანხმობას არ მისცემს. „ის არა მარტო პარლამენტის დათხოვნაზე, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ლაპარაკობდა. კი ბატონო, მზად ვარო, თუმცა შემდგომი პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე დაე ოპოზიციის ლიდერებმა აიღონ“, - დასძინა ოლეინიკმა.

ამავე დროს, გვიან საღამოს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უმაღლესმა რადამ მოიწონა. დოკუმენტს ხმა მისცა 232 დეპუტატმა. კანონპროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ამნისტია მასობრივი მანიფესტაციების დროს არეულობებში მონაწილე ყველა პირისთვის, გარდა მძიმე დანაშაულის ჩამდენებისა. დოკუმენტის თანახმად, მანიფესტანტებმა 15 დღის განმავლობაში უნდა გაათავისუფლონ მათ მიერ კიევსა და ქვეყნის რეგიონებში ხელში ჩაგდებული სახელმწიფო დაწესებულებები.