უცხოეთი
საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. გაგრის რაიონში უსაფრთხოების 11 კმ-იან სასაზღვრო ზონაში დასახლებული პუნქტების მცხოვრები მოქალაქეების დიკუმენტების შემოწმების დროს 21 იანვრიდან არავითარი კონფლიქტური სიტუაცია არ წარმოქმნილა, - განაცხადა „აფსნიპრესთან“ ინტერვიუში აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე ასლან ბჟანიამ.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადის წინ აფხაზეთში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილია უწყებათაშორისი ოპერატიული ჯგუფი რესპუბლიკაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჯგუფს ასლან ბჟანია ხელმძღვანელობს. ოპერატიულ ჯგუფს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების შემუშავებისა და რეალიზაციის ფუნქციები ეკისრება. ამასთან, აფხაზეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2014 წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე გაგრის რაიონში სასაზღვრო ზონის მიჯნების შეცვლის შესახებ. ის აფხაზეთის ტერიტორიის სიღრმეში რფ-ის სახელმწიფო საზღვრიდან 11 კმ-ზე გადასწიეს. 21 იანვარს ბაგღიფშში გაიხსნა გაერთიანებული საკონტროლო პოსტი, სადაც დაწესებულია სადღეღამისო მორიგეობა. „დღეს არც ერთი საჩივარი არ ყოფილა იმ უწყებათა თანამშრომლების მისამართით, რომლებიც ღონისძიებებში მონაწილეობენ. მოსახლეობა შემოწმებებს გაგებით ეკიდება და ძალიან კეთილგანწყობილია“, - განუცხადა სააგენტოს ბჟანიამ, რომლის თქმითაც, სასაზღვრო ზონაში გატარდება სხვა ღონისძიებებიც, რომლებიც კრიმინოგენური ვითარების ზოგად გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.