საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეპორტაჟში ტელეარხმა „ფოქსნიუსმა“ ორი შეცდომა დაუშვა. შედეგად ამერიკელმა ტელემაყურებელმა მიიღო ინფორმაცია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ მილიციელი-სპეცრაზმელები ხალხის მასის შეკავებას და სცემენ დემონსტრანტებს, რომლებიც ბარიკადებს შლიან“, - განაცხადა ამერიკული ტელეარხის წამყვანმა კიევში გრუშევსკის ქუჩაზე ღამეული კადრების ფონზე.ამავე დროს, 22 იანვრის საღამოს „ევრომაიდანის“ მონაწილეები ადგილზე კი არ იდგნენ, არამედ მილიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებითა“ და პეტარდებით უტევდნენ. გრუშევსკის ქუჩაზე ბარიკადები სამართალდამცავებმა 22 იანვარს, დღისით დაშალეს. საღამოს კი დემონსტრანტებს ბარიკადები არ დაუშლიათ, პირიქით, მათ გვერდით კოცონს ანთებდნენ.
ამასთან, სამართალდამცავებს არ „უცემიათ” დემონსტრანტები და არც „ხალხის მასის შეკავება უცდიათ“, როგორც ამას ამერიკული ტელეარხი გადმოსცემდა. „ბერკუტის“ქვედანაყოფები საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ ბარიკადებსა და ცეცხლის ხაზს მიღმა. ისინი ხანძრის ჩაქრობას ლამობდნენ. თუმცა დემონსტრანტებისთვის ცეცხლში საბურავების ჩაყრა არ დაუშლიათ.
სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტმა უჩვენა ფოტო, რომელზე ასახული ნიღბიანი მამაკაცი პისტოლეტს უმიზნებს სხვა ადამიანს. „ეკრანზე თქვენ ხედავთ მილიციელ-სპეცრაზმელს, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეს ესვრის“, - აღნიშნა წამყვანმა.
არადა, საუბარია აქციის მონაწილეზე, რომელიც კიევის ცენტრში მილიციასთან შეტაკებისას მათ პისტოლეტს უმიზნებს. აღიშნულ ფოტოზე მილიციის არც ერთი ოფიცერი გამოსახული არ არის.
„ფოქსნიუსის“ ამ სიუჟეტის ნახვა შეგიძლიათ საიტზე ИноТВ.