სამართალი
“ვიმედოვნებთ, აღნიშნული სამწუხარო გამოცდილება მეტწილად ტექნიკური ხასიათის ხარვეზებითაა გამოწვეული, რაც უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება“ - ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტ მარგველაშვილს მიმართავენ

vimedovnebt-samrt-3საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ. როგორც ცნობილია, ამ შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე აქტუალური პოლიტიკური საკითხები.

არასამთავრობო ორგანიზაციები: „ახალგაზრდა ადვოკატები“, „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ და „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ადასტურებენ პატივისცემას იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა მიმართ, რომლებიც ზემოხსენებულ შეხვედრას ესწრებოდნენ და არ აყენებენ ეჭვქვეშ მათი კვალიფიციურობის საკითხს. თუმცა, ამავდროულად შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ როგორც დღევანდელ, ისე ზოგადად მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ახალგაზრდული პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებს ნაკლებად ეძლევათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და ღია დისკუსიაში მონაწილეობის საშუალება.

„ვიმედოვნებთ, აღნიშნული სამწუხარო გამოცდილება მეტწილად ტექნიკური ხასიათის ხარვეზებითაა გამოწვეული, რაც უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება. ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მაქსიმალურად უნდა მიეცეთ საშუალება იქონიონ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იმისათვის რომ დღის წესრიგში მეტი სიმწვავით დააყენონ რიგი საკითხებისა განათლების, ახალგაზრდების დასაქმების, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წახალისებისა და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმაში მათი მონაწილეობის უზრუნველმყოფი მექანიზმების შესახებ”, - ნათქვამია არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაში.