საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინაში ამჟამინდელ კონფლიქტურ პოლიტიკურ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა. კერძოდ, მისი განცხადებით, მოსკოვი დარწმუნებულია იმაში, რომ უკრაინის ხელისუფლებამ „მშვენივრად იცის, რა უნდა მოიმოქმედოს“, - წერს „კომსომოლსკაია პრავდა“.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ რეაგირებს კრემლი კიევში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე, ზოგიერთი დასავლური ქვეყნისგან განსხვავებით.„შინაურ საქმეებში ჩარევა ჩვენთვის აბსოლუტურად დაუშვებელია, - უპასუხა ამაზე პესკოვმა, - დარწმუნებული ვართ, რომ კიევში იციან, რა მოიმოქმედონ და მიაგნებენ კიდეც საუკეთესო გამოსავალს იმისთვის, რომ სიტუაციის ნორმალიზება მოახდინონ და ყველაფერი კანონიერ, მშვიდობიან კალაპოტს დაუბრუნდეს”.
ამასთან, პრეზიდენტის პრესმდივანი აღშფოთდა იმით, რომ უცხოეთის სახელმწიფოები შესაძლებლად მიიჩნევენ უკრაინაში მიმდინარე შიდა პროცესებში ჩარევას. მან განაცხადა, რომ მოსკოვს არ ესმის, როგორ აკეთებენ უცხო ქვეყნების ელჩები კიევში განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ, საიდან უნდა გამოიყვანოს შინაგანი ჯარი, პოლიცია და ა. შ.
„ეს დაუშვებელია. რუსეთს ეს არ გაუკეთებია და არც გააკეთებს“, - განაცხადა მან.
შეტაკებები ოპოზიციის მომხრეებსა და ძალოვანებს შორის კიევში გრძელდება. 2014 წლის 22 იანვარს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი შეხვდა ყველა ოპოზიციური ძალის წარმომადგენელს კომპრომისის მისაღწევად. თუმცა, ფრაქცია „სვობოდას“ ლიდერ ოლეგ ტიაგნიბოკის თქმით, ამ დისკუსიას არავითარი შედეგი არ მოუტანია.
ამავდროულად, 23 იანვარს რამდენიმე ასეული ადამიანი კიევში აშშ-ის საელჩოსთან შეიკრიბა მოთხოვნით „შეწყდეს არეულობების დაფინანსება“ და უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევა”.