პოლიტიკა
დავოსში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფინელ კოლეგას ირკი კატაინენს შეხვდა

davosSi-pol-2საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები დასახეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ირკი კატაიანენს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისათვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შეტანილი წვლილისათვის.

შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა  დავოსის ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ ჟურნალისტებს საკუთარი მოლოდინი გააცნო. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პროცესები მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით წარიმართება:

დიდი მღელვარებით ვადევნებთ თვალს ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მეტად გვაწუხებს ის, რომ კიევის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა მსხვერპლი. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას ამ ტრაგიკული ფაქტის გამო.

ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ვიტოვებთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება და მთლიანად საზოგადოება გამოიჩენს სიბრძნეს  და არ დაუშვებს მოვლენათა ძალადობრივ განვითარებას.  გვჯერა, რომ უკრაინელ მეგობრებს შესწევთ უნარი, მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადაწყვიტონ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელი პოლიტიკური საკითხები”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.