ფილიპ ლეფორი ცხინვალში ჩავიდა, სადაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს და პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში პრეზიდენტის მუდმივ წარმომადგენელ მურატ ჯიოევს შეხვდა. როგორც თიბილოვის პრესმდივანი განა იანოვსკაია იუწყება, ლეფორი რესპუბლიკაში თანათავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ ჩამოვიდა. თიბილოვმა აღნიშნა, რომ ლეფორი უკვე დიდი ხანია მუშაობს კავკასიის პრობლემებზე, რომლებიც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განსახილველად არის წარმოდგენილი. “თქვენ ყოველთვის იკავებდით პოზიციას, რომელიც ჟენევის დისკუსიების წევრების წინაშე დასახული ყველა ამოცანის დარეგულირებაზეა მიმართული”, - თქვა მან.
თიბილოვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტის ხელმოწერის საკითხის განხილვა მომავალ რაუნდებზე უფრო პროდუქტიული იქნება. ლეფორი დაეთანხმა, რომ სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხი ჟენევის დისკუსიების მუშაობაში პირველ ადგილზე დგას.
“სამხედრო შეტაკების რისკი უნდა გამოირიცხოს. ამ გარანტიების მიღებისთვის სამხრეთ ოსეთის მხარემაც და ჩვენც ჟენევის დისკუსიების ყველა რაუნდის განმავლობაში დიდი ძალისხმევა დავხარჯეთ”, - აღნიშნა მან.
ლეფორმა მადლობა გადაუხადა სამხრეთ ოსეთის მხარეს ბევრი საკითხის გადაჭრაში კონსტრუქციული პოზიციისათვის და დაარწმუნა, რომ სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით კოლეგებთან სამხრეთ ოსეთიდან ურითერთობას შეინარჩუნებს. მისი თქმით, ის მუშაობას განაგრძობს საქართველოს ციხეებში მყოფი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების საკითხის გადაჭრაზეც.
საქინფორმის მკითხველთა საყურადღებოდ: ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ევროკავშირიდან ფილიპ ლეფორი დღეს ბოლოჯერ ჩამოვიდა თბილისში ამ სტატუსით, ანუ ოფიციალური დამშვიდობების პროცედურისათვის, რა დროსაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე განმარტებას მოსთხოვს ზემოთ მოყვანილი სიტყვების გამო, რომლებიც ლეფორმა გუშინ უკვე თვითონ უარყო.