საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. 21-23 იანვარს ალიანსის შტაბ-ბინაში ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრა გაიმართება. ნატოს უმაღლესი სამხედრო პირები 2014 წელს პირველად შეიკრიბებიან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ISAF -ის ოპერაციაში მონაწილე ნატოს არაწევრი ქვეყნების გაერთიანებული შტაბების უფროსების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სიტყვით მიმართავს უცხოელ კოლეგებს. განხილული იქნება რიგი საკითხები, სამხედრო სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და საქართველოს მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებას.
მისიის "გადამწყვეტი მხარდაჭერა" დაგეგმვა იქნება ამავე ფორმატში გამართული კიდევ ერთი შეხვედრის თემა, რომელსაც გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრება.
დაგეგმილია ნატოს სამხედრო კომიტეტის შეხვედრა ევროატლანტიკური პარტნიორობის ფორმატშიც.