პუბლიკაციები
პატარკაციშვილების ოჯახსა და წინა მთავრობას შორის გაფორმებული დოკუმენტი უკვე საჯაროა

1-imedi-mtსაქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და წინა მთავრობას შორის გაფორმებულ დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა და მემორანდუმის ინგლისური ვერსია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 
როგორც პატარკაციშვილის ადვოკატებთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, საქართველოს დღევანდელი მთავრობა, როგორც მხარე და სახელმწიფოს წარმომადგენელი, შეთანხმდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან, მათი ადვოკატების წარმომადგენლობით, რომ განსაჯაროვდეს მხარეებს შორის დადებული 2011 წლის 6 ივლისის მორიგების ხელშეკრულებები. "ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც 7 ნოემბრის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ წინა ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, ტერორი აწარმოა, აღძრა დაუსაბუთებელი სისხლის სამართლის საქმეები და მისი ბიზნესის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა.
ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა დაიწყო სამართლებრივი დავა და 2008 წელს საარბიტრაჟო წესით მოხდა საქმის ინიცირება ქალბატონი გუდავაძის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. ქალბატონი ინა და ოჯახი მიზნად ისახავდნენ "ტელეიმედის" დაბრუნებას და თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს "ლინკს" შორის მთაწმინდის პარკთან დაკავშირებული იჯარის ხელშეკრულების აღდგენას ან  400 მლნ ზიანის ანაზაღაურებას",
- განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ დაინახა, რომ მეორე მხარეს იდგა ბიზნესი, რომელსაც სამართლებრივი წესით საკუთარი ინტერესების დაცვა შეეძლო და დაიწყო ოჯახთან მოლაპარაკება.
"შედგა მორიგება, რომლის პირობები იყო შემდეგი: გაფორმდა 17 საწარმოსთან მიმართებაში საგადასახადო დავალიანებაზე უარის თქმის მიზნით საგადასახადო შეთანხმებები; მთაწმინიდის პარკთან დაკავშირებით თავიდან გაფორმდა თბილისის მუნიციპალიტეტთან იჯარის ხელშეკრულება; პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა ყოფილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთლიანი ქონება... მხოლოდ და მხოლოდ ამის სანაცვლოდ ოჯახმა შეწყვიტა საარბიტრაჟო დავა, მათ შორის "იმედთან" დაკავშირებითაც, რომლის დაბრუნებაზეც ოჯახმა იძულების გზით თქვა უარი. ოჯახი ასევე იძულებული გახდა, უარი ეთქვა სხვადასხვა კომპანიასთან დაკავშირებული ინტერესების დარღვევის მიზნით დავაზე. 
ითვლება, რომ წინა ხელისუფლებამ ყველა პირობა შეასრულა. თქვენ გახსოვთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სექტემბერში, ამ ხელშეკრულებებს და დანართებს მოეხსნა გრიფი ”საიდუმლო”, მაგრამ ვერ განსაჯაროვდა დღემდე, რადგან ხელშეკრულებები იყო დაცული სპეციალური მუხლით კონფიდენციალობის შესახებ",
- განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან,  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ოჯახს, რომ მზაობა გამოთქვეს მოეხსნათ ეს კონფიდენციალობის მუხლი, რაც იყო განსაჯაროებისთვის ბოლო ბარიერი.

ყველა დოკუმენტის ასლი შეგიძლიათ იხილოთ აქ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საიტზე.

1-imedi-1-1 1-imedi-1-2