საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. 2014 წლის 13 იანვარს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის მისამართით პოლიტიკური პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უწინ გავრცელებული მიმართვა მიიღეს ოსეთის გაერთიანების თაობაზე რეფერენდუმის ინიცირებასა და ჩატარებაზე.
ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესმდივანმა განა იანოვსკამ გააჟღერა ქვეყნის მეთაურის პოზიცია აღნიშნულ საკითხზე.„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 1-ლი მუხლის შესაბამისად, მხოლოდ ხალხი წარმოადგენს ხელისუფლების ერთადერთ წყაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში და ახორციელებს მას რეფერენდუმისა და თავისუფალი არჩევნების მეშვეობით. 1992 წლის 19 იანვარს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ გამოხატა თავისი ნება და ხმა მისცა დამოუკიდებლობასა და რუსეთთან გაერთიანებას.
რფ-ის პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს ბრძანება „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების შესახებ“ ფაქტობრივად წარმოადგენს 1992 და 2006 წლების რეფერენდუმების შედეგების აღიარებას.
ხალხის მიერ ამგვარი ნების გამოხატვა წარმოადგენს ორიენტირს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში და, ასევე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გატარებულ პოლიტიკაში. ეს პოლიტიკა პირველ რიგში მდგომარეობს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის კურსში, რომელიც მიმართულია სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისაკენ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების, სამხრეთ ოსეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის ინტეგრაციული პროცესების განვითარებისკენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“, - ნათქვამია პრესმდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.