პუბლიკაციები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი შეხვედრა ბიზნესმენებთან

shexvedra-analit-2-geoსაქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. გუშინ, 2014 წლის 15 იანვარს, თბილისში, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული ბიზნესის 80-მდე წარმომადგენელთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ხელისუფლებასა და ბიზნესსაზოგადოებას შორის უშუალო და ეფექტური დიალოგის დაწყება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა შექმნას ისეთი ინსტიტუციონალური გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურ და ეფექტიან ათვისებას, შექმნის დამატებითი სამუშაო ადგილებს და დაეხმარება ქვეყანას უმთავრესი პრობლემის - სიღარიბის დაძლევაში.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ბიზნესმენების ხედვა და მოსაზრებები, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ჭრილში, ისე კონკრეტული პროექტების განხორციელებაში შექმნილ ხელისშემშლელ ფაქტორებთან მიმართებაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გასული წლის ეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო და აღნიშნა, რომ კოჰაბიტაციის პირობებისთვის დამახასიათებელი სირთულის მიუხედავად, ბიზნესის განვითარების კუთხით გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე და საკუთრების უფლება საქართველოში დაცულია. ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები, რაც სათანადოდ აისახა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013-2014 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენებაში" („The Global Competitiveness Report") საქართველოსათვის მინიჭებულ გაუმჯობესებულ რეიტინგში. საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა და 148 ქვეყანას შორის საქართველომ 77-ე ადგილიდან 72-ზე გადაინაცვლა. კვლევის თანახმად, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებულია 114-დან 48 ქვეკომპონენტში. „Doing business"-ის მონაცემებით, საქართველოს მე-8 ადგილი უკავია „ბიზნესის კეთების რეიტინგში".

2013 წლის ივლისში საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც ქმნის საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის უპრეცედენტო პოტენციალს და 500-მილიონიან ბაზარზე გასვლის უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს ქართულ ბიზნესს.

საქართველოში დაწყებითი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება მეწარმეობის განვითარების სააგენტო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიზნესმენებთან გულწრფელი დიალოგი შედგა.

"ბიზნესის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ საინტერესო წინადადებები, წარვუდგინეთ ჩვენი მესიჯებიც. ეს იყო პირველი შეხვედრა და ვგეგმავ, მსგავსი ტიპის ფორმატი ავამოქმედოთ, რათა დიალოგის საშუალება მივცეთ ყველა ბიზნესის წარმომადგენელს. ბიზნესმენების მხრიდან საუბარი იყო გარკვეულ ბარიერებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია პოლიტიკური წნეხისგან, ბიზნესის განვითარებას ხელს აღარავინ უშლის. საქართველოს აქვს წარმოების განვითარების ხელშეწყობის კონკრეტული გეგმები. ჩვენი ხედვით, ადგილობრივი წაარმოების განვითარებაში ჩართული უნდა იყოს ყველა - როგორც ბიზნესი, ისე მთავრობა და ეს არ უნდა მოხდეს იმპორტის ხელოვნური ბარიერებით ჩანაცვლების გზით. საუბარია ჯანსაღი კონკურენციის განვითარებაზე, ადგილობრივი წარმოების წახალისებაზე, რაც ადგილობრივი პროდუქციის წარმოების ხარისხს აამაღლებს",--აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ახლო მომავალში იგი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ქვემოთ ვაქვეყნებთ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის სრულ ტექსტს.

მოგესალმებით ბატონებო!

პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი წელი, გისურვოთ ბედნიერება და წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრითმე მინდა საფუძველი ჩავუყაროთ გულწრფელ და ეფექტიან დიალოგს ბიზნესსაზოგადოებასა  და ხელისუფლებას შორის,საფუძველი ჩავუყაროთ დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც თქვენი კომპანიების წარმატებულ საქმიანობასა და განვითარებას, ისე ქვეყნის ეკონომიკურ  წინსვლას.

მე კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის თავისუფალი, კონკურენტული გარემო და მესმის იმ წვლილის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში უნდა შეიტანოს ბიზნესმა.

ჩვენ, ხელისუფლებამ და ბიზნესმა, ერთად უნდა შევქმნათ ისეთი ინსტიტუციონალური გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურ და ეფექტიან ათვისებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, საბოლოოდ კი, ქვეყნის უმთავრესი პრობლემის - სიღარიბის დაძლევას.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაინტერესებს თქვენი ხედვა და მოსაზრებები როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ჭრილში, ისე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს გიშლით კონკრეტული პროექტების განხორციელებაში.

განვლილი წელი ურთულესი  და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას კოჰაბიტაციის რეჟიმში მოუწია მუშაობა, რისი გამოცდილებაც ქვეყანას აქამდე არ გააჩნდა. ყოფილი მმართველი გუნდის მიერ ახალი ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ მიმართულმა მოქმედებებმა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ეკონომიკაზეც იქონია უარყოფითი გავლენა.

ჩვენ გვესმის, რომ გასული წელი ასევე რთული იყო ბიზნესისთვისაც. ხშირად ასეთ გარემოში ბიზნესისთვის უფრო ადვილია მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, ვიდრე აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა. თუმცა, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ მუდმივი წინააღმდეგობების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას ეს დრო უქმად არ დაუკარგავს, და აღვნიშნო ის მიღწევები, რომლებიც ყველა თქვენგანმა კარგად იცის.

ჩვენ მივაღწიეთ უმთავრეს მიზანს - დავამკვიდრეთ კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა კანონის მიმართ წინა ხელისუფლებას, და ეს მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იყო ბიზნესის განვითარებისათვის.დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში აღარ არსებობს პოლიტიკური ზეწოლა ბიზნესზე და საკუთრების უფლება საქართველოში დაცულია ისე, როგორც არასდროს. ამას ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები, რაც სათანადოდ აისახა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013-2014 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენებაში“ („The Global Competitiveness Report“) საქართველოსათვის მინიჭებულ გაუმჯობესებულ რეიტინგში.

კერძოდ, აღნიშნული მოხსენების მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა და 148 ქვეყანას შორის საქართველომ 77-ე ადგილიდან 72-ზე გადაინაცვლა. კვლევის თანახმად, საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებულია 114-დან 48 ქვეკომპონენტში. „Doing business“-ის მონაცემებით, საქართველოს მე-8 ადგილი უკავია „ბიზნესის კეთების რეიტინგში“.

ჩვენ გვესმის, რომ საჭიროა მომდევნო ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შევქმნათ ხანგრძლივი და სტაბილური ეკონომიკური განვითარების საფუძვლები, ობიექტურად შევაფასოთ ეკონომიკის მდგომარეობა, განვსაზღვროთ განვითარების სტრატეგიული და პერსპექტიული მიმართულებები და გავითვალისწინოთ ის რისკები, რომელთა წინაშეც დგას დღეს საქართველოს ეკონომიკა.

ყოველი თქვენგანისათვის კარგადაა ცნობილი ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას დახვდა - პოლიტიკურ ნებას სრულად დაქვემდებარებული სასამართლო სისტემა, პროკურატურა, რომელიც პირდაპირ ერეოდა ბიზნესში და ფაქტობრივად მართავდა ქვეყნის ეკონომიკას, სრულად პოლიტიზებული პოლიცია და, ამის შედეგად, საკუთრების დაუცველობითა და მონოპოლიებით დაავადებული ეკონომიკური ინსტიტუტები. სამწუხაროდ, ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ეკონომიკა, რომლის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 50%-ს აღემატებოდა, ხოლო სამომხმარებლო კალათისა და პირველადი მოხმარების საქონლის  80% იმპორტზეა დამოკიდებული. ექსპორტის მაჩვენებლებში მოწინავე ადგილებზეა ისსასაქონლო პოზიციები, რომლებიც არ წარმოადგენს ქართული წარმოების პროდუქტს. დაგვხვდა ეკონომიკა, სადაც  დასაქმებულთა 54% მოდის სოფლისმეურნეობის სექტორზე, რომლის წილიც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში არ აღემატება 9%-ს, ხოლო 16% სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული.

შედეგად, ჩვენ გვაქვს იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა, რომლის ზრდაც წლების განმავლობაში დამყარებული იყო მხოლოდ მოხმარების და არა წარმოების სტიმულირებაზე, რაც,უმეტესწილად, უზრუნველყოფილი იყო სამუშო ძალის ექსპორტით.ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი.

კარგად გვესმის, რომ ეკონომიკის ეს ძირითადი მაჩვენებლები შეუძლებელია შეიცვალოს ერთ დღეში - ამისათვის საჭიროა ხანგრძლივი, სისტემური და მიზანმიმართული მუშაობა.

ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რომლებიც გასული წლის განმავლობაში შეინიშნებოდა ეკონომიკაში.

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2013 წლის იანვარ-ნოემბერში, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით გაუმჯობესდა და 4 446 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (46%). ამასთან, საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რიცხვი 133 ქვეყნამდე გაიზარდა. აქედან, დადებითი სავაჭრო ბალანსი 41 ქვეყანასთან დაფიქსირდა.

2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა და 383 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაცმთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის დარგში გატარებულიუპრეცედენტო აქტივობების შედეგია.

„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, სოფლად მცხოვრებმა 710 385 ბენეფიციარმა მიიღო სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ბარათი და შესაბამისი სარგებელი. ბენეფიციარების მიერ მიღებული სარგებლის ჯამურმა თანხამ 195 545 543 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავეთა მხარდასაჭერად 2013 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის პორექტი. სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი ახდენს ბანკების მიერ დაფინანსებული აგროსესხების საპროცენტო განაკვეთის 9-12%-ის თანადაფინანსებას.

აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სამელიორაციო მომსახურებით უზრუნველსაყოფად, რისთვისაც  შემუშავდა და ხორციელდება „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის პროგრამა“.

ამ და სხვა პროექტების განხორციელებამ გამოიწვია პირველადი პროდუქციის წარმოების წახალისება, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმებულთა შემოსავლების ზრდა.

დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისათვის. 2013 წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 697.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც  2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (677.9 მლნ აშშ დოლარი) 2.7%-ით აღემატება.

განსაკუთრებით პრიორიტეტულია ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ სექტორში - ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვა. მთავრობამ შეიმუშავა საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესი, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორში ინვესტიციების გაზრდას, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სახელმწიფოს ეკონომიკურ წინსვლაში და დაიცავს ინვესტორის ინტერესებს.

ასევე იმედისმომცემია 2013 წელს ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა - ეს არის 5365 356 კაცი, რაც 21.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის მხარდაჭერით, შეიქმნა და აქტიურ მუშაობას  შეუდგა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი“. კერძო საინვესტიციო ფონდი პოტენციურ ინვესტორებს ხელსაყრელ პირობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებელობებს სთავაზობს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განსახორციელებლად. დღეისათვის ფონდში მობილიზებული კაპიტალის მოცულობა 6 მილიარდი აშშ დოლარია, რაც ძლიერი ბიძგი იქნება ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის.

საქართველოშიდაწყებითიბიზნესისხელშეწყობისმიზნით, შეიქმნება მეწარმეობისგანვითარებისსააგენტო.ესსააგენტოძალიანმნიშვნელოვანია, რადგანსწორედ მისიმეშვეობითუნდა შევუწყოთ ხელიდაწყებითიბიზნესისგანვითარებასდა,შესაბამისად, უნდაშევქმნათსაფუძველი, რომლისშემდეგაცკომერციულიბანკებიმოახერხებენახალშექმნილიბიზნესისდაკრედიტებას.

2013 წლის ივლისში საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც ქმნის საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის უპრეცედენტო პოტენციალს და 500-მილიონიან ბაზარზე გასვლის უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს ქართულ ბიზნესს. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს  საექსპორტო პოტენციალს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის.

ჩვენ კარგად გვესმის ხელისუფლების როლი ამ პროცესში და ვხედავთ შესაძლებლობას თქვენთან ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის ეკონომიკისათვის ისეთი პრიორიტეტული ამოცანები,როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების განვითარება და ამის შედეგად- დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა.

დაბოლოს, მინდა მოგმართოთ ყველას, - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და გაძლიერება თითოეული თქვენგანის ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაზეა დამოკიდებული.

მე, როგორც მთავრობის მეთაური, გპირდებით, რომ მთავრობაშეგიქმნით ყველაპირობას იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება შეგექმნათ თქვენს საქმიანობაში და გქონდეთ სტიმული ბიზნესის განვითარებისათვის, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარი იქნება.

წარმატებებს გისურვებთ ყველას!

გმადლობთ”