უცხოეთი
საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. თბილისში „შეცდომას“ უწოდებენ მსოფლიოში ცნობილი კომპანია McDonald’s-ის საიტზე - www.aboutmcdonalds.com გამოქვეყნებულ ცნობას კომპანიის მიერ საქმიანობის გაფართოების გეგმებზე, სადაც აფხაზეთიც არის ნახსენები.
როგორც ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა, დღევანდელ პირობებში შეუძლებელია, რომ კომპანია „მაკდონალდსმა“ მუშაობა დაიწყოს აფხაზეთის ტერიტორიაზე.„არის სფეროები, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაცულია დღემდე, მათ შორის მსხვილი კომპანიების და ბიზნესების მიერ. კომპანიას მუშაობაც რომც დაეწყო აფხაზეთში, ის კანონთან შეუსაბამობაში მოვიდოდა, ასე რომ, ეს გამორიცხულია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, „გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, როცა „მაკდონალდსის“ საიტზე გამოჩნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ კომპანიას სურს აფხაზეთში, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოში, მუშაობის დაწყება“.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს შეცდომა უკვე გამოასწორეს“, - განაცხადა მან.