საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს განცხადებით, სამსახურებრივი მოკვლევის შედეგად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრალდებები არ დადასტურდა. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 13-14 დეკემბრის ღამეს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უკანონოდ გაიყვანეს და მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შეახვედრეს, რომელიც მასზე ზეწოლის განხორციელებას ცდილობდა.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ 17 დეკემბერს, მერაბიშვილის მიერ განცხადების გაკეთების მომენტისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებული სათვალთვალო კამერების 13-14 დეკემბრის ჩანაწერი აღარ არსებობდა, „ვინაიდან შენობებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო ტექნიკური საშუალებები, 24 საათის გასვლის შემდეგ, ახალი ინფორმაციის ჩაწერის გამო, ძველ ჩანაწერებს ავტომატურად შლის".
უწყება აღნიშნავს, რომ შემოწმდა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში არსებული ჟურნალებიც, რომლებიც დაწესებულების ტერიტორიაზე ავტომანქანების შესვლა-გასვლასა და ბრალდებულ-მსჯავრდებულთა მოძრაობას აღრიცხავენ. გამოიკითხნენ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების თანამშრომლებიც, რომლებმაც კატეგორიულად უარყვეს მერაბიშვილის მიერ 2013 წლის 14 დეკემბერს ღამის საათებში სასჯელაღსრულების N9 დაწესებულების ტერიტორიის დატოვების ფაქტი.
„ამდენად, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, ივანე მერაბიშვილის განცხადებაში და ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა", - ნათქვამია განცხადებაში.