„კანონს პლუსებიც აქვს, - ამბობს გეი-კლუბ „მაიაკის“ თანამფლობელი ანდრეი ტანიჩევი, - აქამდე ხომ რუსი ჰომოსექსუალების უფლებები საერთოდ არ ყოფილა განხილვის საგანი“. თუმცა, ეს მიზანი კანონს არ ჰქონია, - დარწმუნებულია იგი. „ვფიქრობ, ეს კანონი იმიტომ მიიღეს, რომ რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანონ. ეს რეიტინგული კანონია. ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას ცუდი დამოკიდებულება აქვს გეებისადმი, ხელისუფლება კი რეიტინგებს ეყრდნობა“.
ერთსქესიან ქორწინებაში მყოფი ანდრეი ტანიჩევის თქმით, კანონი მას აკვირვებს. „რა მიიჩნევა იურიდიული თვალსაზრისით პროპაგანდად და რას უნდა ნიშნავდეს ჩემთვის სიტყვა „არატრადიციული“, თუკი მთელი ცხოვრება ასე ვცხოვრობ?“, - სვამს რიტორიკულ კითხვას „მაიაკის“ თანამფლობელი.
ამასთან, ტანიჩევი აღიარებს, რომ რუსულ მედიაში ყველაფერი არც ისე ცუდად შუქდება. სახელწოდება „გეი-კლუბი“ კი მასაც არ მოსწონს.
„წინააღმდეგი ვარ რაღაც გეტოების. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ გეი-კლუბების, - ამბობს იგი, - ადამიანები ერთმანეთთან თავს კომფორტულად უნდა გრძნობდნენ, სქესისა და ორიენტაციის მიუხედავად. ჩვენს კლუბში, მაგალითად, ბევრი ქალიცაა და ბევრი ნატურალიც“.