პოლიტიკა
პრემიერმა ღარიბაშვილმა ძირეული რეორგანიზაცია საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან დაიწყო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნება

politika-1-reorganizaciaსაქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლების ძირეული რეორგანიზაცია საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან დაიწყო - ამიერიდან ის მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნება.

განხორციელდება სტრატეგიული მიმართულების სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები. ადმინისტრაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან; ჩამოყალიბდება და კიდევ უფრო გაძლიერდება პრემიერ-მინისტრთან არსებული  საბჭოები. ადმინისტრაცია ორიენტირებული იქნება სამთავრობო სტრუქტურებს შორის კოორდინაციასა და ეფექტიან მონიტორინგზე.

ერთი მხრივ, კანცელარიის რეფორმირება გამოწვეულია საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლითაც პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მეორე მხრივ კი, ასეთ სტრუქტრულ რეორგანიზაციას თან ახლავს მეტი ეფექტიანობის მოთხოვნა. სწორედ ამიტომ კანცელარიის რეორგანიზაცია მართვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების დანერგვაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრიორიტეტად რჩება ეფექტიანი, გამჭვირვალე და  ანგარიშვალდებული მმართველობის დამკვიდრება. აღნიშნული ცვლილები პასუხობს საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარ  ამოცანებს, რომელთა განხორციელებასაც პრემიერ-მინისტრი  ადმინისტრაციასთან და მთავრობასთან ერთად  გეგმავს. უახლოეს მომავალში კანცელარია ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას გამართავს.