აქტუალური
საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ავღანეთში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები საშობაო ლიტურგიას, ქართველ სამხედროებთან ერთად, ბაზაზე არსებულ ქართულ სამლოცველოში დაესწრნენ. საზეიმო წირვა-ლოცვა 31-ე ბატალიონის კაპელანმა მამა ავთანდილმა აღავლინა.
ქართული სამხედრო კონტინგენტის მონახულებისას გენშტაბის უფროსმა 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები „სამშობლოსათვის თავდადებული“ გადასცა.
ჰელმანდის პროვინციაში ვიზიტის დროს გენერალ-მაიორმა კაპანაძემ შეხვედრები „რეგიონული სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ მეთაურთან, გენერალ-მაიორ უოლტერ მილერთან და ტაქტიკური დაჯგუფება „ბელავუდის“ მეთაურთან, პოლკოვნიკ დენიელ სალივანთან გამართა.