„ადამიანთა დახმარების ცენტრის“ მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ “ტელეგრაფთან” არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე რომან კვიციანი ყვება:
“გარდა მეჩეთის და სამლოცველოების მშენებლობისა, ეს ორგანიზაცია ბათუმში მოქმედ არასათავრობო ორგანიზაცია “მიზანსაც” აფინანსებს, რომელიც აჭარაში მცხოვრებ ხელმოკლე ოჯახებს პერიოდულად ჰუმანიტარული ტვირთით ამარაგებს. დახმარების სანაცვლოდ ორგანიზაციის წევრები საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანურ ოჯახებს უფასო განათლებას ჰპირდებიან. ახალგაზრდებს ისლამს ჯერ ბათუმში ასწავლიან, ყურანს აზეპირებინებენ და მოგვიანებით “საუკეთესო” მოწაფეებს თურქეთში სასულიერო სასწავლებელ მედრესში ავლენენ. იყო შემთხვევები, როდესაც ბათუმელი გოგონები ჰაფეზებადაც მონათლეს. მუსლიმან ქართველებს თურქეთში ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ექსკურსიებს უწყობენ და სწავლების პერიოდში მათ ყველანაირ პირობებს უქმნიან. მოგვიანებით, სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ეს ქართველი ახალგაზრდები თურქეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან… ეს არის აჭარაში ჩადებული ნაღმები, რაც საქართველოსთვის სერიოზული საფრთხის შემცველია”, – აცხადებს რომან კვიციანი. ის არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ საქართველოში რაიმე სახის არეულობის შემთხვევაში რელიგიურ ექსტრემისტებს როგორც სამხედრო, ისე ფინანსური დახმარება გაუწიოს.
ორგანიზაცია “IHH”-ს წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით ჰყავს. “სწორედ ამ ორგანიზაციამ გაუწია სპონსორობა პანკისში მეჩეთისა და სამლოცველოების მშენებლობას. საქართველოში ისლამური დღესასწაულები ასევე ამ ორგანიზაციის დაფინანსებით იმართება. შესაბამისი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ამ ორგანიზაციას საქართველოში მხარდამჭერების მოძებნა არ გაუჭირდება. თუკი საქართველოში არეულობა მოხდება, მათ უპრობლემოდ შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში არსებული გარკვეული რელიგიური ექსტრემისტების იარაღით მომარაგება“, – განუცხადა “ტელეგრაფს“ რომან კვიციანმა.
(იხ. წყაროები თურქული მედიიდან: http://www.haberler.com/hatay-da-durdurulan-tir-krizinin-goruntuleri-5504272-haberi/
http://www.radikal.com.tr/turkiye/birlesmis_milletler_tirlari_arayin-1169119)