"სამწუხაროდ, წინაპირობებს ისინი აყენებენ. როდესაც სააკაშვილი ამბობდა, რომ მათთან ურთიერთობას არანაირი აზრი არ აქვს, რომ ისინი არ არიან მხარე და მხოლოდ რუსეთის მარიონეტები არიან, ეს მათ გაბრაზებას იწვევდა. ახლა, როდესაც ჩვენ ურთიერთობებს ვთავაზობთ, ისინი წინაპირობებს გვიყენებენ. იცით, მეშინია, რომ მოვა დრო და მივხვდებით, რომ სააკაშვილი მართალი იყო. მე ეს არ მინდა, არ მინდა აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში აფხაზები და ოსები არაფერს წყვეტენ და მოლაპარაკებები პირდაპირ მოსკოვთან მოგვიწევს. ეს ის შედეგი არ არის, რომლის მიღწევაც გვინდა", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.
მისი თქმით, ქართული მხარე არ აპირებს აფხაზებისა და ოსებისთვის საკუთარი თავის, სიყვარულის ან რაიმე ამდაგვარის თავს მოხვევას.
"ჩვენ არ უნდა დავშორდეთ მათ, აფხაზებსა და ოსებს დიდი არჩევანი არ აქვთ – ეს რუსეთი ან საქართველოა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ სხვა არჩევანიც შევთავაზოთ – არა რუსეთი ან საქართველო, არამედ რუსეთი ან ევროპა. კონფლიქტის მოგვარებას ევროკავშირი კი არ შეუწყობს ხელს, არამედ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ საქართველოს შეუძლია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დემოკრატიული ინსტიტუტების მთელი პაკეტი შესთავაზოს.
"ახლა აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც ყველაფერი რუსულია – რუსული ენა, რუსული კულტურა, რუსული ტელევიზია, რუსული არმია. ჩვენ კი შეგვიძლია მათ არა ქართული, არამედ მათი საკუთარი ფასეულობები შევთავაზოთ. ჩვენ უნდა შევთავაზოთ მათ არჩევანის თავისუფლება – იმ ფასეულობების არჩევა, რაც მათთვის ხელსაყრელია", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.