რელიგია
ალილო

relig-2-GEOსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. ქრისტეს შობის დღესასწაულზე ალილოს საზეიმო მსვლელობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით უკვე მეთოთხმეტე წელია გრანდიოზულად ეწყობა. მასში ყოველწლიურად სასულიერო პირები, სხვადასხვა ეკლესიის მრევლი და უბრალო გამვლელებიც კი მონაწილეობენ.

დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი (წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური): “სიტყვა “ალილო” ებრაული “ალილუიადანაა” ნაწარმოები. “ალილუია”, ანუ აქებდით უფალსა. ეს საზეიმო მსვლელობა შობის დღესასწაულს უკავშირდება. დრო, როდესაც მაცხოვარი იშვა კაცობრიობისათვის, მეტად მძიმე იყო. მსოფლიო საზოგადოება თავად განიცდიდა ყოველივე არსებული ქმედების სრულ ამაოებას და მეტად ნიჰილისტური განწყობილება სუფევდა. შესაბამისად, ამ მდგომარეობიდან გამოსავალს ქვეცნობიერად ეძებდა.

მეალილოები

განსაკუთრებული მოლოდინი ისრაელის დაცემულ სამეფოს ჰქონდა. დრო მაცხოვრის შობისათვის მომწიფებული იყო. ამ მოლოდინში მესიის შობის უწყება ღმრთისმოყვარეთათვის დიდი შვება და სიხარული გახლდათ. საამოა ანგელოზთა გალობა: “დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ”(ლუკ.2.14). მწყემსებმა ანგელოზთაგან უწყება სიხარულით მიიღეს. აღსრულებული შვების სახარებლად სოფელს მიაშურეს: “მიიქცეს და წარვიდეს მწყემსნი იგი, ადიდებდეს და აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა, რომელი ესმა და იხილეს, ვითარცა-იგი ითქუნეს მათდა მიმართ”(ლუკ.2.20). “აქებდეს ღმერთსა ამას ყოველსა ზედა”. ეს სახარებო სიტყვები საფუძვლად დაედო ალილოს.

ყოველი შობის დღესასაწაულზე, ლიტურღიის აღსრულების შემდეგ, ქრისტეს კრებული მწყემსთა წინამძღოლობით მთელ ადგილობრივ დასახლებას მოივლიდა ამ უდიდესი სიხარულის საუწყებლად სიტყვებით: გიხაროდენ–აქებდით უფალს. მოსახლეობა თავისი სახლის წინ პასუხით ეგებებოდა: დიდება უფალს, ალილუია, დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ. და თქვენცა გიხაროდენ. უფლის შობის, განკაცების სიხარულის გაზიარებით დღესასწაულის მადლს ეზიარებოდნენ.  ქრისტეს შობა ამის დემონსტრირებით გამოვხატავთ ღმრთის სიყვარულს. ადგილობრივი დასახლების ხარებით მთელი სამყაროს კურთხევა, პირველ წყევისგან განთავისუფლება მოიაზრება. ძირითადი შინაარსი ეს იყო. რიტუალის გაფორმება ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციის მიხედვით ხდებოდა. ეს მილოცვითი ხასიათი ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა.

ამგვარად, დღესაც ალილოს მსვლელობა შობის უწყების გამომხატველია. მასში მონაწილეობით ვადასტურებთ ქრისტესთან ერთობას. აღვასრულებთ რა ანგელოზებრივ მსახურებას, გარშემომყოფთ ვუზიარებთ ქრისტეს შობის მნიშვნელობას. დიდება მაცხოვარს, ალილუია.”

ალილოზე შეგროვებული ნუგბარი და საჩუქრები ბავშვთა სახლებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებს გადაეცემა. ალილო თბილისში სანახაობრივ სახეს ატარებს.

თეონა ნოზაძე

www.ambioni.ge