პუბლიკაციები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა

1-anal-2-Geo-milocvaსაქართველო, 3 ინვარი, საქინფორმი.
ჩემო თანამემამულენო!

მინდა ყველას მოგილოცოთ 2014 წლის შემობრძანება, გისურვოთ მშვიდობა, გისურვოთ წარმატებები თითოეულ თქვენგანს, მინდა ვუსურვო კეთილდღეობა თქვენს ოჯახებს.

გასული წელი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს წელი  სავსე იყო ემოციებით, მოვლენებით. ჩვენ ჩავატარეთ ნამდვილად დემოკრატიული და თავისუფალი საპრეზიდენტო არჩევნები და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით დემოკრატიისგზაზე.

გასულ წელს ქვეყანაში დაიწყო სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი. დასრულდა შიშისა და ტერორის ეპოქა. ათასობით ადამიანი, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში უსამართლოდ და გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრობაში, წელს საკუთარ სახლში შეხვდებიან ახალ წელს. ვიცი, რომ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებიც სამართლის აღსრულებას ელოდებიან. გარწმუნებთ, ეს პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართებადა მის სამართლიანობაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.

ჩვენს მთავრობას გახსნილი ურთიერთობა აქვს ხალხთან, თქვენ გაქვთ საშუალება აკონტროლოთ მთავრობა, თქვენგან წამოსულ ხმას ანგარიშს ვუწევთ და ვითვალისწინებთ, და ეს ჩვენ უკვე დავამტკიცეთ.

ჩვენმა ხელისუფლებამ არსებითად შეცვალა პრიორიტეტები და პირველი ნაბიჯები გადადგა სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ.

ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავარი გამოწვევაა. მომავალი წლიდან ქვეყნაში გაიხსნება მრავალი ახალი საწარმო, და ამით დაიწყება ეკონომიკის აღმავლობის შეუქცევადი პროცესი; ჩვენ ყველა პირობას შევქმნით ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, სამუშაო ადგილების გაჩენისთვის და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებისთვის.

მომავალი წლიდან შევქმნით იმის პირობებს, რომ 4-5 წელიწადში არცერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი მაღალხარისხიანი პროდუქტი, რომ ექსპორტმა ჩაანაცვლოს იმპორტი. ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ბუნებრივირესურსი, რომლითაც მდიდარია ჩვენი ქვეყანა.

მომავლი წლიდანვე ვიზრუნებთ იმისათვის, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს სკოლის გარეშე, განათლების გარეშე; დავიწყებთ ამბულატორიების მშენებლობას და ჯანდაცვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ყველასათვის.

ძვირფასო მეგობრებო, 2014 წელი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წელი იქნება ევროპასთან დაახლოების კუთხით. 2014 წლის აგვისტოში საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გააფორმებს.

ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩვენი ხალხისთვის. ქართული პროდუქციისთვისეტაპობრივად გაიხსნება ევროკავშირის შიდა ბაზარი. არც ისე შორი პერსპექტივა  გახდება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზო რეჟიმი.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა ყველა ჩვენს მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების პირობები ჰქონდეს.

საუკეთესო სურვილებით მინდა მივულოცო ახალი წელის დადგომა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ვულოცავ ახალ წელს ჩვენს მასწავლებლებს, ექიმებს, ჯარისკაცებსა და პოლიციელებს, ყველას, ვინც უანგაროდ და თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს სამშობლოს.

ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, და მჯერა, რომ ჩვენ მოვძებნით საერთო ენას, აღვადგენთ ურთიერთობებს და ჩვენს საერთო მომავალზე ერთად ვიზრუნებთ.

ახალ წელს ვულოცავ საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოსგან მოწყვეტილები საქართველოს სახელმწიფოს იცავენ.

ვულოცავ დამდეგ ახალ წელს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან გაფანტულები. სამშობლოში დაბრუნებას და აქ ცხოვრების ღირსეულად გაგრძელებას ვუსურვებ მათ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ ყველას!

ირაკლი ღარიბაშვილი”