უცხოეთი
უკრაინამ დაადასტურა ქვეყანაში სააკაშვილის შესვლის აკრძალვა

1persona-non-grataსაქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინამ უცხო ქვეყნის 36 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამ სიაში მოხვდა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. უცხოელები, რომლებიც უკრაინაში  პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ, ეჭვმიტანილი არიან ოპოზიციასთან თანამშრომლობაში და ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ქვეყანაში სიტუაციის „დესტაბილიზაციის" მცდელობაში.

უკრაინაში პერსონა ნონ-გრატას სიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ცნობილია, რომ ის ე.წ. ფერადი რევოლუციების  აქტიური მომხრეა. დეკემბერში ის კიევის მაიდანს ესტუმრა, სადაც მხარი დაუჭირა მომიტინგეებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სიაში საქართველოს კიდევ 29  მოქალაქე მოხვდა.

სიაშია, ასევე, ევროკავშირისა და აშშ-ის რამდენიმე მოქალაქე. მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ნაციონალური უსაფრთხოების მოსაზრებებით აეკრძალათ.

ევროპისა და შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი პოლიტიკოსები  ამ სიაში არ მოხვედრილან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ჩავიდა კიევში. ასე, მაგალითად, ნუსხაში არ მოხვდა აშშ ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რომელიც საპროტესტო აქციებს ორჯერ დაესწრო და მხარდაჭერის ნიშნად მაიდანზე საკვებიც მიიტანა. სიაში არ არიან არც ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კეტრინ ეშტონი, რომელმაც მოლაპარაკებები გამართა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან და არც ცნობილი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი.