რელიგია
პირველ ეტაპზე ამერიკაში მკურნალობის პროგრამას 8 დაშავებული სამხედრო მოსამსახურე გაივლის. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით მოხდა. დაშავებულ ჯარისკაცებთან ერთად ამერიკულ კლინიკაში ერთი ქართველი სპეციალისტი ბიო-ელექტროპროთეზებზე მუშაობის სპეციფიკასაც დაეუფლება.
დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ კიდურებს ბიო-მიკროპროცესორიანი პროთეზით შეუცვლიან. უახლესი თაობის ელექტროკიდური სამხედრო მოსამსახურეებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს.
პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი ყველა სამხედროსთვის ინდივიდუალურია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისინი საკუთარ ქვედანაყოფებს დაუბრუნდებიან და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ სამსახურს.