საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში, უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომაში, რომელსაც სამშაბათს რფ-ის, ბელარუსისა და ყაზახეთის ლიდერები გამართავენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი იტყობინება.
„მიწვეული არიან სომხეთისა და ყირგიზეთის, ანუ იმ ქვეყნების პრეზიდენტები, რომლებმაც განაცხადი შეიტანეს საბაჟო კავშირსა და ერთიან ეკონომიკურ სივრცეში გაწევრების შესახებ. ასევე სხდომას დამკვირვებლად დაესწრება უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი“, - განაცხადა უშაკოვმა ბრიფინგზე.უკრაინამ საბაჟო კავშირში დამკვირვებლის სტატუსი მიიღო და ამ სახით უკვე მიიღო მონაწილეობა ამ გაერთიანების რიგ ღონისძიებებში. მოსკოვში წინააღმდეგობას ვერ ხედავენ უკრაინის მონაწილეობასა და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით კიევის გეგმას შორის, - აღნიშნა უშაკოვმა.
კიევი დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებს ასოციაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე ევროკავშირთან და ჯერჯერობით ამ გეგმაზე უარს არ ამბობს. მოსკოვში კი არაერთხელ განაცხადეს იმის თაობაზე, რომ უკრაინის მიერ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნები უკრაინული საქონლისგან თავისი ბაზრების დასაცავად ზომებს მიმართავენ. შედეგად, კიევმა ბრიუსელთან დოკუმენტების ხელმოწერა გადადო. გასულ კვირას რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ეკონომიკის სერიოზულ დახმარებაზე გაზის საფასურის მესამედით შემცირების და რუსეთის ნაციონალური კეთილდღეობის ფონდიდან უკრაინულ ევრობონდებში 15 მლრდ რუბლის დაბანდების გზით.
უშაკოვმა დაადასტურა, რომ შეხვედრაზე განიხილავენ 2015 წლის 1 იანვრისათვის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნისათვის მუშაობის მსვლელობას, რისთვისაც 2014 წლის მაისში ხელი უნდა მოეწეროს შესაბამის შეთანხმებას. ასევე იმსჯელებენ ევრაზიის საინტეგრაციო სტრუქტურებთან მისაერთებლად ყირგიზეთისა და სომხეთის „საგზაო რუკების“ მომზადებისა და რეალიზაციის საკითხებზე.