საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ა.წ. 20 დეკემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან ერთად საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეკრებილ სტუმრებს ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა:
პატივცემულო ელჩებო!
ძვირფასო მეგობრებო!
ქალბატონებო და ბატონებო!
მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა, მივმართო ესოდენ პატივცემულ საზოგადოებას.
ჩემი დანიშვნის შემდეგ ეს არის დიპლომატიურ კორპუსთან ჩვენი პირველი შეხვედრა. მე იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ მოგვეცემა აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის საშუალება.
ყველა, ვინც იცნობს საქართველოს უახლეს ისტორიას, აცნობიერებს საერთაშორისო თანამეგობრობის, კონკრეტულად კი - მეგობარი ქვეყნების დიპლომატების განსაკუთრებულ როლს ჩვენი არც თუ ისე შორეული წარსულის კრიტიკულ მომენტებში, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.
პატივცემულო ელჩებო, გარწმუნებთ, რომ ყოველთვის დაფასებული იქნება თქვენი როლი და ჩართულობა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში, რომლისთვისაც ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ.
ძვირფასო მეგობრებო!
იწურება 2013 წელი. მიმდინარე წლის დასასრული თავისთავად საუკეთესო დროა, რათა გავიაზროთ 2013 წლის მიღწევები, ხარვეზები და რწმენითა და ახალი შემართებით შევხვდეთ ახალ 2014 წელს.
საქართველოში 2013 წელი მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო სავსე. შეჯამების სახით, მინდა განვახცადო, რომ 2013 წელი გადამწყვეტი იყო ჩვენი ქვეყნისათვის ორი მიზეზის გამო:
პირველ რიგში, საქართველოს დემოკრატია ნელ-ნელა უახლოვდება დემოკრატიული ტრანზიციის მტკივნეული პროცესის დასრულებას და გადადის დემოკრატიული კონსოლიდაციის შემდგომ საფეხურზე. ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა დაიმსახურა საყოველთაო მოწონება როგორც საქართველოს დემოკრატიის სიმწიფის მომასწავებელმა მოვლენამ. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ მიანიშნეს, რომ ისინი არ შეურიგდებიან დემოკრატიის გზიდან გადახვევას. ჩემი აზრით, სწორედ ეს დამოკიდებულება არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი.
საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციის კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელთა ძალითაც აღდგა კონტროლისა და ბალანსის დემოკრატიული სისტემა, რათა არ მოხდეს ძალაუფლების თავმოყრა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში. უფრო მეტიც, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში აქამდე თავმოყრილი ძალაუფლება გადაეცა პარლამენტს, რითაც უნდა გაძლიერდეს წარმომადგენლობითი დემოკრატია ქვეყანაში.
გადადგმულია ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისაკენ. სასამართლო იბრუნებს ხალხის ნდობასა და პატივისცემას, რაც არის კიდეც ნებისმიერი სრულფასოვანი სასამართლო სისტემის მთავარი კომპონენტი.
ქართული მედია თავისუფალია პოლიტიკური ზეწოლისაგან, როგორც ეს შეესაბამება დემოკრატიის სტანდარტს.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი კონტინენტის მასშტაბით არსებობს ეკონომიკური სირთულეები, ჩვენ ვახორციელებთ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენ გავაორმაგეთ სოციალური დახმარების ოდენობა და ყველას უზრუნველვყოფთ სამედიცინო დაზღვევით.
საქართველო არის ქვეყანა, სადაც ბიზნესის წარმოება ადვილია და სადაც ბიზნესი კონკურენტულ გარემოში არსებობს; სადაც მას ზურგს უმაგრებს კერძო საკუთრების დაცვის მყარი გარანტიები. ამ მიღწევას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის გათვალისწინებით, რომ ერთი თვის წინ ვილნიუსში მოხდა ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს დიდ შესაძლებლობებს საქართველოში ბიზნესის წარმართვისა და ინვესტირებისათვის. კერძოდ, ქართულ პროდუქციასა და მომსახურებას ეძლევა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე გასვლის უნიკალური შესაძლებლობა. ეს კი ბუნებრივად გაზრდის ჩვენს მომხიბვლელობას რენტაბელური ინვესტიციების განხორციელების კუთხით. მოველით, რომ საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოება სათანადოდ გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს და, ადრე თუ გვიან, ჩვენ მივიღებთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ფარგლებში უზრუნველყოფილ სარგებელს.
პირველ რიგში, მსურს მადლობა გადავუხადო ლიტვას, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ამ ისტორიული მნიშვნელობის სამიტის ორგანიზებისათვის. ასევე მადლობას მოვახსენებ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთის პარტნიორობის სტრატეგიის შემუშავებაში, რადგან იგი გვაძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, განვაგრძოთ წინსვლა ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ.
აღმოსავლეთის პარტნიორობის სტრატეგია არის რევოლუციური ინიციატივა მასში მონაწილეობის მსურველი აღმოსავლეთევროპელი პარტნიორებისათვის. პარტნიორებს, რომლებიც მზად არიან, გამოიჩინონ მეტი ძალისხმევა და ჩააბარონ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ტესტი, ეძლევათ ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობა. ეს კი, მართლაც მნიშვნელოვანი წახალისებაა საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკის მოდერნიზაციის კუთხით.
ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უზრუნველსაყოფად. მეტიც, ჩვენ მზად ვართ, უკვე დავიწყოთ ამ ხელშეკრულების დებულებათა განხორციელება.
რაც შეეხება უკრაინაში შექმნილ ვითარებას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, რომელსაც ვერავინ ხელყოფს. ამასთან, დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლება გამონახავს სწორ გზას და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების გამომხატველი იქნება.
პატივცემულო ელჩებო!
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს უდიდესი ეროვნული პროექტი.
ჩვენ მივაღწიეთ საგრძნობ წინსვლას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრთა მიერ ასპირანტი ქვეყნებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი წინსვლა სათანადოდ აისახება ალიანსის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებებში და ჩვენ საშუალება მოგვეცემა, გავაღრმაოთ პარტნიორობა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
გვინდა ვაცნობოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ სარგებლის ნახვა ალიანსსა თუ ევროკავშირთან ურთიერთობების შედეგად. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ალიანსის ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო უშიშროების ოპერაციებში. გარდა ამისა, ვილნიუსში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში. ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ძვირფასო მეგობრებო!
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% კვლავ ოკუპირებულია და მავთულხლართის გაბმა ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებაზე იწვევს სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისს, საქართველო–რუსეთს შორის გასულ წელს დაწყებულმა პირდაპირმა დიალოგმა გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. ჩვენი სურვილია, ეს დიალოგი გაგრძელდეს და ნაბიჯ–ნაბიჯ მივუახლოვდეთ რთული, დელიკატური პრობლემების მოგვარებას. რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვა პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა ჰუმანიტარულ ურთიერთობათა ხელშეწყობის თვალსაზრისით. ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბოლოდროინდელი წინგადადგმული ნაბიჯები გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის.
თქვენთვის ცნობილია ჩვენი მთავრობის მოქმედება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში დაძაბულობის განმუხტვის უზრუნველსაყოფად და ამ პროცესში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვა.
როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა კვლავაც მშვიდობიანი იქნება.
ამავე დროს, არ არის საჭირო იმის შეხსენება, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების მუდმივი ჩართულობა და მხარდაჭერა ყველა ჩვენი ძალისხმევის აუცილებელი კომპონენტია და ამ თვალსაზრისით არც 2014 წელი იქნება გამონაკლისი.
პატივცემულო ელჩებო!
ჩვენ განვაგრძობთ აქტიურ სტრატეგიულ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 2013 წელს განხორციელდა ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა ხელისუფლების ყველა დონეზე, ასევე არასამთავრობო სექტორში. ჩვენი ურთიერთობები განუხრელად ვითარდება ყველა საკვანძო მიმართულებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის შესაბამისად.
მეზობლებთან რეგიონალური თანამშრომლობის თვალსაზრისით, მტკიცედ გვჯერა, რომ ახალი იმპულსი მიეცემა აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მართალია, ჩვენი ქვეყანა მტკიცედ ადგას ევროინტეგრაციის გზას, ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვისაც საქართველოსგან განსხვავებული საგარეო-პოლიტიკური ხედვა და ვექტორი აქვს არჩეული. ამასთან, ჩვენ პატივს ვცემთ მათ არჩევანს.
გარდა ამისა, გასული წელი მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოს შორეულ ქვეყნებთან დაახლოების თვალსაზრისითაც. ჩვენ დავამყარეთ და გავაღრმავეთ ორმხრივი ურთიერთობები აზიის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის წამყვან ქვეყნებთან. ეს ძალისხმევა კიდევ უფრო აქტიური იქნება მომდევნო წელს და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მეგობრებსა და პარტნიორებთან (ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, იაპონია და მრავალი სხვ.) კიდევ უფრო განმტკიცდება.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მოქალაქეთა სახელით თქვენი მხარდაჭერის, დახმარებისა და თანადგომისათვის.
2014 წელი უკვე მოახლოვდა. გილოცავთ ახალი წლის დადგომას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის განსამტკიცებლად.
გმადლობთ ყურადღებისათვის.