აქტუალური
დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

davit-narmaniaსაქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.

„დღეს ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, - განვიხილეთ, ასევე, აფხაზეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი წინადადებები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცირე საწარმოების შექმნისა და ენგურს იქით მდებარე სოფლების სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით დახმარების თაობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ გათბობისთვის გამოყოფილი თანხები ბენეფიციართა 70%-ს უკვე აღებული აქვს. ყველა დანარჩენ საკითხზე სამუშაო ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას“.