- დავიწყოთ ვილნიუსის სამიტით. კომფორტულად გრძნობდით თავს ახალ ამპლუაში?
ჩემთვის ეს იყო ახალი გამოცდილება. წარმოიდგინეთ, რომ შეხვედრაზე ვარ მთელი ევროპის პოლიტიკურ ელიტასთან. ასეთი შეხვედრა, თავისთავად, მრავალი თვალსაზრისით, ახალი იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ ასეთი რანგის შეხვედრებზე მე არ ვყოფილვარ. მაგრამ ეს ყველაფერი გააიოლა თვითონ გარემომ. საქმე ისაა, რომ ეს სამიტი გარკვეულწილად საგანგებო იყო თავისი აზრით და არსით. ის პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც მოხდა, მნიშვნელოვანწილად ახალი იყო იქ მოქმედი პირებისათვის და, აქედან გამომდინარე, თვითონ სამიტის გარემო რაღაცნაირად ერთგვარ კრეატიულ გარემოდ გადაიქცა. ბრეინსთორმინგის პროცესი დაიწყო, რომელშიც თავისთავად ის სტანდარტულმა, პროცედურულმა, პროტოკოლურმა თემებმა, რომელიც ჩემთვის სიახლე იყო და რომელსაც შეეძლო ყველაზე მეტად დავეძაბე, ერთბაშად გადაინაცვლა მეორე ადგილზე. იმიტომ, რომ პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების თავყრილობა უცებ გადაიქცა ბრეინსთორმინგად, და ამ თვალსაზრისით, ის უაღრესად საინტერესო იყო. მეც იოლად შევედი ამ პროცესში. იმიტომ, რომ თითქოს ნაკლები აქცენტი გადავიდა პროტოკოლზე და ასე ვთქვათ დადგენილ თემებზე. მე ვხედავდი ევროპელ ლიდერებს, რომლებიც იმ წუთას ქმნიდნენ არსებული ვითარების და მთლიანად ევროპის მომავალს და ფიქრობდნენ მასზე.
- დაგრჩათ შეგრძნება, რომ ჩაანაცვლებთ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ იმ სამიტზე შეკრებილი უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების ფავორიტი იყო?
ამაზე არ მიფიქრია. ახლა პირველად მესმის კითხვის ასეთი ფორმულირება. არც ერთ მომენტში არ მიფიქრია სააკაშვილის როლზე, არც მარგველაშვილი ვს სააკაშვილი. სხვათა შორის, იქ თუ იყო ვინმეზე საუბარი, როგორც სუფრის უხილავ წევრზე (თავად ეს ტერმინი ქალბატონმა მერკელმა შესთავაზა იქ საზოგადოებას და ის პოპულარული გახდა მთელი სამიტის განმავლობაში), ლაპარაკი იყო პუტინზე.
- რას საუბრობდნენ პუტინზე?
მთავარი არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პარადიგმა, როდესაც ეს ექვსი ქვეყანა ხდება ევროპისა და ევროპული პროცესის აღმოსავლეთ პარტნიორი, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შეარყია.
- იგრძნობოდა ეს სამიტზე?
კი, იმიტომ, რომ თვითონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი არ არის ვინმეს წინააღმდეგ. ანუ წარმოვიდგინოთ ცივი ომის მენტალიტეტი, როდესაც არსებობს მიზიდულობის ცენტრები, და გარკვეული ქვეყნები ამ მიზიდულობის ცენტრების ირგვლივ ლაგდება და, შესაბამისად, ამ დალაგების სიახლოვიდან თუ სიშორიდან გამომდინარე ისინი სხვადასხვა როლს თამაშობენ - თავიანთი, ასე ვთქვათ, დღის წესრიგები აქვთ. აღმოსავლეთ პარტნიორობა იყო და არის აგებული არა ცივი ომის და მიზიდულობის ცენტრების პარადიგმაზე, არამედ რეგიონში მშვიდობიანი, უფრო დაცული, უფრო აყვავებული არსებობის პარადიგმაზე. არა - მოდი გამოვგლიჯოთ რამე, მაგალითად, მოსკოვს. ეს არ ყოფილა აღმოსავლეთ პარტნიორობის პარადიგმა. პუტინის ნაბიჯმა, მისმა აქტიურობამ, თითქოს ეს კონტექსტი შეცვალა.
- დაგრჩათ შეგრძნება, რომ ევროპელი ლიდერები გაკვირვებულები იყვნენ იმ რადიკალური განცხადებებით რუსეთის მხრიდან, რაც ფაქტობრივად დაემთხვა სამიტს? მხედველობაში მაქვს უკრაინასთან დაკავშირებული განცხადებები.
ნახეთ, რა სიტუაციაა - ევროპა თამაშობს ფორმატს, რომ მოდით, არა უბრალოდ ვიმეგობროთ, არამედ ერთად შევქმნათ რაღაც უკეთესი გარემო. ამ სიტუაციაში ჩნდება მოსკოვის პოლიტიკური ვექტორი, რომელიც ამბობს, რომ მე უკეთეს გარემოზე კი არ ვფიქრობ, ვფიქრობ იმაზე, ვინ არის შენკენ და ვინ - ჩემკენ.
- აქამდე ასე პირდაპირ არ ამბობდნენ ხოლმე რუსეთში ამას, ახლა კი, როცა ეს ასე აშკარად მოხდა, გაკვირვებულები არიან?
ამიტომაც იყო ეს სამიტი საინტერესო, რომ აქ იყო სწორედ იმ პროცესზე ფიქრი, რომ, ერთის მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ მოდით უკეთესად დავალაგოთ გარემო და, მეორეს მხრივ, ჩნდება მეორე მოთამაშე, რომელიც ამბობს, რომ მე დალაგება კი არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ორდროშობანას თამაში. თვითონ ევროპელები ამბობდნენ, რომ ჩვენ არ გვინდა თამაშში - ვინ არის შენკენ, ვინ არის ჩემკენ - ჩართვა. ჩვენ ისევ ძველი თამაშის გაგრძელება გვინდა, რომელიც უფრო დაცულ და უკეთეს გარემოს გულისხმობს.
- შეგიძლიათ გვითხრათ ბრეინშტორმინგის რამდენიმე პუნქტი, რომელიც ყველაზე პოპულარული იყო, ვთქვათ რუსეთთან მიმართებაში? აი, ევროპას უხდება გადახედოს თავის სტრატეგიას რუსეთთან დამოკიდებულებაში. იყო ეს ამ ბრეინშტორმინგის ნაწილი?
მე რუსეთთან დამოკიდებულებაში ნაკლებად დავინახე, რომ მათ სურთ სტრატეგიის გადახედვა. მთელი პათოსი იყო, რომ შევინარჩუნოთ ღია კარებები ყველა მოთამაშისთვის, განსაკუთრებით - უკრაინისთვის. უკრაინის რიტორიკაც პრინციპში ასეთი იყო, რომ რეფორმები გაგრძელდება და არანაირი გადახვევა თვითონ სახელმწიფოს განვითარების ევროპული კურსიდან არ შეიმჩნევა. მაგრამ არსებობს რაღაც პრობლემები, რომლებიც გადასაწყვეტია და ჩვენ ერთად უნდა ვეძიოთ მისი გადაჭრის გზები. ასე რომ, პრინციპში, ის ემოცია და ის პარადიგმა, რომელიც ევროპელების მხრიდან აქამდეც დომინირებდა, ეს არ არის ცივი ომის მინივერსია, ან დაპირისპირება, სადაც სხვადასხვა ცენტრი ერთმანეთს ქვეყნებს ართმევს, არამედ ეს არის გარემოს გაკეთილშობილების ფორმატი. ეს მაინც შენარჩუნდა, თუმცა, ბუნებრივია, ამ ყველაფერს ჩრდილი მიადგა. რამდენიმე გამომსვლელი იყო, რომელიც ძალიან საინტერესოდ აკეთებდა აქცენტებს არა ლოკალურად უკრაინასთან არსებულ ვითარებაზე, არამედ გლობალურად, ევროპაზე. მაგალითად, უნდა დავიწყოთ ფიქრი და შედარება, რამდენად მიმზიდველია ევროპული 13-ტრილიონიანი ბაზარი რუსულ ერთ და ორ ტრილიონიან ბაზართან შედარებით; რამდენად უფრო სტაბილურია სხვა პარტნიორების დაპირებებთან შედარებით ევროპელთა დაპირებები; როგორ ეფექტურად ფართოვდება თვითონ ევროპა და როგორ მუდმივად პროგრესს განიცდის ევროპული პროცესი განსხვავებით სხვა გეოპოლიტიკური პროცესებისგან; რამდენი შეიძინეს იმ საზოგადოებებმა, რომლებიც ევროპულ პროცესში მოექცნენ, უკვე არა 1 ან 2 წლიან კონტექსტში, არამედ 10 და 20 წლიან კონტექსტში და რა შეიძინეს სხვებმა. ასეთი ემოციები, გარკვეული ისტორიული ექსკურსები და საკუთარი თავის ზოგადი შეფასება, ბრეინშტორმინგის დროს ძალიან საინტერესო იყო.
- ევროპაში ბევრი, მათ შორის გავლენიანი პოლიტიკოსი, უკვე ღიად საუბრობს, რომ ტიმოშენკოს ფაქტორის ასე გამწვავება შეცდომა იყო. ეს სამიტზე იგრძნობოდა?
ვერ გეტყვით ასე, ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ასეთი რემარკა, მაგრამ ეს დომინანტური საკითხი არ გამხდარა.
- ასოციაციურად შეიძლება გაგიჩნდეთ წარმოდგენა, რომ ტიმოშენკოდ ქართულ ვარიანტში მერაბიშვილი შეიძლება მოგვევლინოს? გრძნობთ ამის წინაპირობას?
არ ვიცი, ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ასოციაცია ასეთი არ არის. არის თუ არა ევროპელი ლიდერების ასოციაცია ასეთი? მე ასეთი პარალელი არ შემხვედრია. ბუნებრივია, სამიტზე არ ყოფილა ამაზე ლაპარაკი, არც სადილზე, არც ჩემს პირად შეხვედრებზე. მე არ მახსოვს ვინმეს ასეთი პარალელი გაევლოს. ბუნებრივია თემამ, რომელიც დაკიდებულია ევროპაში, რომ საქართველოში შესაძლოა არსებობდეს შერჩევითი სამართალი, ერთი-ორჯერ ძალიან მსუბუქად გაიჟღერა. რომ ასეთი რამე ზოგადად ევროპისთვის მიუღებელია. ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაც იყო ყოველთვის ერთნაირი - რომ ჩვენთვის ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება ნიშნავს შერჩევითი სამართლის არარსებობას და იმავდროულად სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებას. ამაზე ჩვენთან მიმართებაში სრული კონსენსუსი იყო.
- ელმარ ბროკი, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან “ლიბერალთან” საუბარში ერთი წლის წინ ძალიან რადიკალური იყო. ის იყო ერთ-ერთი ავტორი ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებული ცნობილი განცხადების პროექტისა, საქართველოში თითქოსდა არსებული პოლიტიკური პატიმრების შესახებ. ბოლოდროინდელ ინტერვიუში მისი ტონი საკმაოდ შერბილებულია. თქვენ გქონდათ მასთან პირადი შეხვედრა?
არ მახსოვს, არა.
- ერთ-ერთი ყველაზე რადიკალურად განწყობილი ადამიანი იყო...
არა, არ მქონია ბროკთან შეხვედრა.
- პროტოკოლით დაგეგმილი შეხვედრების გარდა დაუგეგმავი შეხვედრებიც შედგა?
კი, თუმცა ახლა ასე ვერ გეტყვით, რომელი იყო პროტოკოლით დაგეგმილი და რომელი - არა. მერკელთან თვითონ სამიტზე მქონდა კერძო საუბარი.
- რას შეეხო ეს კერძო საუბარი? წინა ხელისუფლების დროს, უცხოელი ლიდერებისთვის ხელის ჩამორთმევაც კი დიდ წარმატებად ითვლებოდა და ხშირად ხვდებოდა ქვეყნის საინფორმაციო ველში...
მერკელთან იყო კერძო საუბარი ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ. ეს უაღესად მნიშვნელოვანია და ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ის უზარმაზარი პოტენციალი, რაც ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს გააჩნიათ, სამწუხაროდ, არ იყო გამოყენებული. ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს, თუმცა ეს იყო კერძო საუბარი, ეს არ იყო შეხვედრა.
- მერკელიც წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში ევროპელებიდან ერთ-ერთი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი პოლიტიკოსი ლიდერი იყო. ჩემთან ინტერვიუებში გერმანელი პოლიტიკოსი ვიოლა ფონ კრამონი ამბობდა, რომ ჩვენ არ გვისარგებლია სამშვიდობო პროცესში გერმანიის როლით და დნესტრისპირეთის პროცესში გერმანიის დიდი გამოცდილებით. იყო მინიშნებები ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარებაში გერმანიის როლის გაზრდაზე?
არა, ამ თემაზე მერკელთან საუბარი არ მქონია. ჩვენ ვისაუბრეთ ფორმატის ინტენსიფიკაციაზე. გერმანია არის ქვეყანა, რომელიც იყო პირველი, სხვათა შორის, რომელმაც საქართველოს დახმარების ხელი გაუწოდა.
- პირველი რესპუბლიკის დროსაც...
მაშინაც და ახლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გერმანიის საელჩოს გახსნა. თუ გახსოვთ რამდენად ინტენსიური იყო მაშინ გერმანელი პოლიტიკოსების ჩამოსვლა საქართველოში.
- დიახ, დიტრიჰ გენშერის ვიზიტი...
სხვათა შორის, გერმანელები ახლაც ძალიან აქტიურები არიან სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის და დახმარების მიმართულებით. პოლიტიკურ ვექტორში არსებობს მეტი ზრდის დიდი პოტენციალი.
- რაში ხედავთ თქვენ ამ პოტენციალს?
ეს არის გერმანიის კიდევ უფრო აქტიური ჩართვა საქართველოს სწორედ ევროპისა და ევროატლანტიკური მიმართულებით სვლის პროცესში. ახალ ხელისუფლებას ფაქტობრივად არ მიეცა ქმედითი შესაძლებლობა, ნათლად გამოეხატა თავისი ინტერესი გერმანიის მიმართ იმიტომ, რომ ელჩი არ დამტკიცებული იყო. ელჩი დამტკიცდა ახლა და მე დიდ იმედებს ვამყარებ საგარეო საქმეთა სამინისტროზე და, ბუნებრივია, ახალ ელჩზე გერმანიაში. რომ ის ფორმატები, ის ბევრი დაგროვილი პოტენციალი, რაც არსებობს, გააქტიურდება და ამის წინაპირობას უკვე ვხედავ.
- მესმის, რომ თქვენ ალბათ ღელავდით, როცა ამ სამიტზე სიტყვით უნდა წარმდგარიყავით, მაგრამ უჩვეულოდ ჩანდა, რომ თქვენ აუდიტორიას არ მიესალმეთ. უბრალოდ ღელვის გამო გამოგრჩათ?
არა, ეს ყველაფერი ნათქვამი იყო. თქვენ სწორად ნახეთ ტელევიზორში, თუმცა რამდენადაც კომიკურად არ უნდა ჟღერდეს და ამას ჩემი ხმით ახლაც რეალურად ვადასტურებ (პრეზიდენტს მთელი ინტერვიუს მანძილზე ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა - რედ.) დიდი ხანი ვიყავი ჩუმად. რომ დავიწყე ლაპარაკი, “Gოოდ მორნინგ, Lადიეს ანდ Gენტლემენ” ვთქვი ისეთ ხმაზე, რომ არაფერი ისმოდა. რაც შეეხება ღელვას, ამ ღელვის კარგი გამოსავალი ვნახე ამ ბოლო დროს - როდესაც ჩემთვის არაორდინალური სიტუაციაა, მარტივად მივყვები გაწერილ ტექსტს.
ამ თემაზე რომ დავრჩეთ, სუფლიორიდან კითხვა უკვე დაიწყეთ? ჩვენ შევამჩნიეთ ბიძინა ივანიშვილმა როგორ სწრაფად გაიარა ეს კურსი...
მე ვერა, რამდენჯერმე ვცადე. როგორც ხდება ხოლმე, რომ გარკვეული თაობის ხალხი კომპიუტერს რომ ვერ სწავლობს, ზუსტად ეგრე, მე სუფლიორიდან კითხვა ვერ ვისწავლე. მაგრამ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მგონია, რომ რაღაცნაირად გავართმევ თავს იმას, რომ ნელ-ნელა დავიწყო საუბარი და არა კითხვა იმიტომ, რომ ამის საჭიროება ყოველთვის არის ხოლმე. პირველ ეტაპზე 4-5 ასეთი ამბის მერე ნელ-ნელა ახერხებ. თავიდან მიტინგებზეც ასე იყო, როდესაც დავდიოდი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თავიდან კითხვა მჭირდებოდა, მერე კი იოლად გვერდზე გადავდე
კინტაურის დაკვრამ დარბაზში სოციალურ ქსელებში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამის შესახებ წინასწარ თუ იცოდით და რა რეაქცია გქონდათ, როცა მოისმინეთ?
არანაირი, არანაირი რეაქცია არ მქონდა და, რეალურად, როდესაც გავიგე ამ რეაქციის შესახებ, ვიდარდე. კინტაური ან შალახო რომ დაეკრათ, ან ლეილას “აფრები”, ეგ ნაკლები პრობლემა იქნებოდა ჩემთვის, ვიდრე თვითონ გამოხმაურება. ჩვენ - არა მთავრობამ, არა პრეზიდენტმა, არამედ საზოგადოებამ გადავდგით ისტორიული ნაბიჯი, რომელიც ჩვენი საზოგადოების თაობებისთვის იყო მნიშვნელოვანი. ამ ნაბიჯს უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგები ექნება, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას საზოგადოება და სერიოზული ინტელექტუალური პროცესი სჭირდება ამ ნაბიჯის განხორციელებას. იმიტომ, რომ ევროპისკენ სვლა ჩვენი დემოკრატიის წარმატების შედეგი იყო. საზოგადოებამ შექმნა დემოკრატია. იმ კულტურის შედეგი, რომლითაც ჩვენც და, სხვათა შორის, მრავალი თაობაც ცხოვრობდა. წარმოიდგინეთ, იდგმება ასეთი ისტორიული ნაბიჯი და კონცენტრაცია არის შალახოზე. მართლა ვიდარდე, ჩემზე იმოქმედა, რომ საქართველოში ინტელექტუალური დებატები გაიმართა არა იმაზე, რას ნიშნავს საქართველოს ევროპისკენ სვლა, არამედ ჯერ იყო შალახო. ვინ? როგორ? რანაირად? რატომ შალახო? აი, ამაზე დაიხარჯა ენერგია...
როგორ თვლით, ეს საზოგადოების მოუმზადებლობის ბრალია, თუ მედია იყო ამ შემთხვევაში არაადეკვატური?
არ ვიცი, ამ დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ერთი მინდა ნამდვილად ვთქვა, რომ ამ დებატების ინტენსივობამ ნამდვილად იმოქმედა ჩემზე. არ ვიცი რა კონტექსტში ჯდებოდა, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ საზოგადობა, რომელიც დგამს ისტორიულ ნაბიჯს, ასეთ დეტალებზე არ უნდა იხარჯებოდეს.
თქვენ საჯარო განცხადებებში ხშირად საუბრობთ ხოლმე უმცირესობის უფლებებზე. როგორ დაუჭერთ მხარს მრავალფეროვნებას ამ ქვეყანაში? თუ გვინდა, რომ ევროპაში ინტეგრირება შევძლოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ შევთანხმდით, რომ ამ თემაზე არ ვილაპარაკებდით, მოდი, კონკრეტული მაგალითის გარეშე ვისაუბროთ (პრეზიდენტის პრესსამდივნოს “ლიბერალი” წინასწარ მხოლოდ ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ შეუთანხმდა). მე ვფიქრობ, რომ ესაა ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი და ეს არის ქვეყნის სახე. ჩვენი მრავალფეროვნება არის ჩვენი სახე. ჩვენ ევროპაში შევდივართ არა იძულებით, არა იმიტომ რომ დემოკრატები ვართ, ჩვენი ინდივიდუალიზმი ფასეულია არა იმიტომ, რომ ეს ევროპელების სურვილია, ჩვენ ტოლერანტულები ვართ არა ევროპელების გამო, არამედ ეს ჩვენი იდენტობის ნაწილი, ჩვენი ინდივიდუალიზმი, ტოლერანტობაა, ეს არის ის, რაც ჩვენთან ევროპის შექმნამდე არსებობდა. ის ერი ვართ, სადაც ებრაელები 26 საუკუნეა ცხოვრობს და ჩვენთან ინტეგრირებულები არიან. ჩვენთან არასდროს ყოფილა რელიგიური ომები, ბუნებრივია იყო ომები, როცა ჩვენ გვიპყრობნენ სხვა რელიგიის წარმომადგენლები. ჩვენთან არ ყოფილა რეფორმაცია, რომელმაც გახლიჩა ევროპა და იმდენი სისხლი მოიტანა, რამდენიც არსად დაღვრილა. ჩვენ ვართ უნიკალური ქალაქის - თბილისის - შვილები, რომელშიც ერთდროეულად არის 100 000 მოწამეც და სინაგოგაც, მეჩეთიც და სიონიც. მე ვლაპარაკობ იმ ფენომენებზე, რომელიც ჩვენს ქალაქშია. ნუ გავავრცობთ, რომ საქართველოში რელიგია იდენტიფიცირებული იყო ეროვნულ იდენტობასთან და ამის გამო ხალხი იხოცებოდა. ეს არის ერი, რომლის ძირითადი შემქმნელები და ფიგურები ამ ნიშნით არიან გამორჩეულები. დავით აღმაშენებელი ტოლერანტობის და ერთიანი ქართული კონცეფციის შემქმნელი იყო. მისი თანამოაზრე იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამბობს, რომ ქართველს შეუძლია ყველაზე უკეთ გაუგოს სხვა ერის წარმომადგენელს, რადგან თვითონ ძალიან ბევრი გამოუცდია, როგორც რელიგიური, ასევე ეთნიკური ნიშნით ჩაგვრა. აი, ამ მიმართულებით თუ შევხედავთ, ჩვენ ევროპაში ჩვენი იდენტობით შევდივართ, "როგორც ტოლერანტული, მარავალფეროვანი ერი. რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოებრიობა და საზოგადოება გარე სტრესის ქვეშაა, ეს იყო საბჭოთა კავშირი, როცა ჩვენ ჩვენს იდენტობას კი არ ვეძებდით, არამდე ვცდილობდით, რომ ის შეგვენარჩუნებინა რაღაც ადგილებში, კუნძულებად. ახლა ჩვენ საშუალება გვაქვს გვქონდეს ეს იდენტობა არა კუნძულების სახით, არამედ აღვიდგინოთ ჩვენი იდენტობა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დრო, მაგრამ სწორედ ევროპაში უნდა წარვდგეთ ჩვენი წარსულით, უაღრესად ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჩვენია სრულიად ენდემურად. ჩვენ ევროპა სწორედ ამისთვის გვინდა და არა ევროპისთვის, ანუ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ საკუთარს თავს, ეს ევროპის ნაწილია.
ტაქსის მძღოლმა, რომელმაც თქვენამდე მომიყვანა, შეკითხვა დამაბარა თქვენთან. მან მიამბო, რომ აქვს მიწა კახეთში, სიამოვნებით დაკავდებოდა ფერმერობით, მაგრამ იაფი სესხების და სახელმწიფოს დახმარების გარეშე ბიზნესის დაწყებას ვერ ახერეხებს. ამიტომაც იძულებულია იცხოვროს თბილისში და აკეთოს ის, რაც ძალიან არ მოსწონს. თქვენს ხედვაში საქართველო აგრარული ქვეყანაა? წინა ხელისუფლებამ ამ საკითხთან დამოკიდებულება რამდენჯერმე შეიცვალა.
დიდ იმედებს ვამყარებ ასოცირების ხელშეკრულებაზე, რადგან ეს ხელშეკრულება საშუალებას გვაძლებს, რომ შესაძლოა მალე ვიზის ლიბერალიზაცია მოხდეს ევროპასთან, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით. მაგალითად, ბევრი ქართველი, რომელიც ევროპაშია წასული, რომელიც, სამწუხაროდ, იმიტომ ვერ ბრუნდება უკან, რომ უკან წასვლა არ აქვს გარანტირებული, ეს ძალიან მტკივნეულია. რეალურად ეს ბარიერი მძიმე გარემოს ქმნის. ვიზის ლიბერალიზაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადამიანებმა ხშირად იარონ ევროპაში და იმავდროულად არ მოსწყდნენ სამშობლოს. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი ვიზის ლიბერალიზაციის მხრივ არის ის, რომ ჩვენს თანამემამულეებს ოკუპაციის ხაზის მიღმა ევროპასთან ურთიერთობის ძალიან საინტერესო პერსპექტივა ექმნებათ. რაც შეეხება კონკრეტულად იმ ხალხის დაბრუნებას, რომელიც ხშირად სამუშაოს საძებნელად თბილისში წამოვიდნენ, ესეც აგრარული საკითხია. საქმე ის კი არაა, ჯამურად ქვეყნის ეკომონიკაში რამდენი იქნება აგრარული სექტორის წილი. ეს ერთდროულად ეკონომიკური საკითხიცაა და სოციალური პროექტიც. სხვათა შორის ჩვენი დავალება და მოთხოვნა ევროინტეგრაციის პროცესშიც არის ის, რომ აგრარული საკითხები უნდა გააქტიურდეს. შარშან ძალიან აქტიური აგრარული აქცია განხორციელდა, ძალიან სერიოზული აქცენტები გაკეთდება კოოპერატივებზე. აქაც გარკვეული პროცესია გასავლელი. ადამიანებმა უნდა შეძლონ, რომ სოფლის მეურნეობა დაინახონ არა მხოლოდ საკუთარ საქმედ, არამდე ბიზნესადაც, ამ თვალსაზრისით ვამბობ, რომ პროცესი უნდა წავიდეს ბიზნესის მიმართულებით და ეს დიდ შესაძლებლობებს ქმნის.
თქვენ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ერთი წინანდადებით შეგიძლიათ აუხსნათ საზოგადოებას, რა არის ევროპა და რატომ გვინდა იქ?
ერთი წინადადებით, ევროპა არის კეთილდღეობა, დაცულობა, კულტურა და ის, რაც უკვე ვართ.
http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/117171