სამართალი
ვანო მერაბიშვილი: „ღამის ორის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, თავზე გადამაფარეს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში წამიყვანეს“

vanichkaსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სკანდალური განცხადება გააკეთა, რომლის არასრული ვიდეოჩანაწერი ზურაბ ჭიაბერაშვილმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ატვირთა სათაურით - ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადება დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.

პარასკევს გვიან ღამით, ანუ შაბათ დილას ღამის ორის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში. თავზე გადამაფარეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს, ჩემი ვარაუდით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იქ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე სრული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით საყვარელიძემ „ფეისბუქის"  საკუთარ გვერდზე დადო.

„მეგობრებო, მინდა გაცნობოთ წარმოუდგენელი! დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პარასკევს ღამით აუხვიეს თვალები და გაიყვანეს ციხიდან. მასთან მივიდა პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე და დაემუქრა, რომ თუ „ითანამშრომლებდა" ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მიაწვდიდა ინფორმაციას სააკაშვილის „ნაშოვნი ფულის" ადგილსამყოფელზე, მაშინ მისცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის... წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გაუუარესდებოდა პირობები და მის პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ! აღნიშნულის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა! დანარჩენი თავად შეაფასეთ! 1937 წელია!", -  წერს საყვარელიძე.