აქტუალური
თქვენი ბედი - გაერთიანებულ ევროპაშია!” – “ქართველი ამერიკელი” მიხეილ სააკაშვილის შემდეგ კიევში “ამერიკელი ქართველი”, სენატორი ჯონ მაკკეინი იმყოფებოდა

senatorსაქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ა.წ. 14 დეკემბერს მიხეილის მოედანზე სენატორმა ჯონ მაკკეინმა მომიტინგეების ბლოკპოსტი მოინახულა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ლეონიდ კოჟარს და პატრიარქ ფილარეტს შეხვდა.

აშშ-ის სენატორთან შეხვედრის შემდეგ “უდარ”-ის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ “სწორედ ახლა სახელმწიფოს სჭირდება  საზღვარგარეთში უკრაინის მეგობრების ყოველმხრივი მხარდაჭერა”. კლიჩკოს თქმით, “ამავე დროს, მორალური მხარდაჭერა საკმარისი არ არის, საჭიროა მოქმედება და ზეწოლა მთავრობაზე, რაც შეუძლებელს გახდიდა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას, შემოიღოს პერსონალური სანქციები იმ თანამდებობის პირთა მიმართ, რომლებიც დამნაშავე არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში!”.

მოგვიანებით მაკკეინმა პროფკავშირების სახლი მოინახულა, სადაც სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტია განთავსებული. ის, აგრეთვე, შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, თუმცა ინფორმაცია ვიქტორ იანუკოვიჩთან სენატორის შეხვედრის დეტალებზე უცნობია.

“რეზოლუციას იმ პირთა მიმართ სანქციების შესახებ, რომლებიც უკრაინაში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა ცემის თანამონაწილე არიან, აშშ-ის სენატი სწრაფად და ერთხმად მოიწონებს, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა-რესპუბლიკელმა პრესკონფერენციაზე, - რეზოლუცია მოუწოდებს პატივი სცენ ადამიანის უფლებას საკუთარი შეხედულებების არაძალადობრივი გზით გამოხატვაზე. თუ მთავრობა შემდგომშიც რეპრესიების პრაქტიკას გააგრძელებს, განხილული უნდა იქნეს სანქციები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაულები ადამიანურობის წინააღმდეგ, რომლებმაც ადამიანის უფლებები დაარღვიეს”.

15 დეკემბერს კი აშშ-ის სენატის წევრები რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და მასთან ერთად კიევში ჩამოსული დემოკრატი კრის მერფი მაიდანზე სიტყვით გამოვიდნენ. “თქვენი ბედი - გაერთიანებულ ევროპაშია! უკრაინა უკეთესს გახდის ევროპას, ევროპა კი - უკრაინას!”, - აღნიშნა მაკკეინმა და მოუწოდა უკრაინულ მილიციას ახსოვდეს, რომ ისინი “თავის ხალხს უნდა იცავდნენ”, აგრეთვე, გაიმეორა მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომ “ახლა უკრაინელი ხალხი წარსულსა და მომავალს შორის არჩევანის წინაშე დგას”.

senator-2