საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკომისია გამორიცხავს უკრაინისთვის პირობების შემსუბუქებას ან ფინანსურ კომპენსაციას. აის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლივიე ბაიიმ განაცხადა.
მან ასევე სრულად გამორიცხა უკრაინის მიმართ ევროკავშირის მოთხოვნების შეცვლა, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების ჩათვლით.
ევროკავშირში უკრაინის გაწევრების თემით სპეკულაციასთან დაკავშირებით ბაიიმ განმარტა, რომ კიევთან ურთიერთობაში ახლა საუბარია მხოლოდ დაახლოებასა და პარტნიორობაზე და არა ევროპის თანამეგობრობაში გაწევრებაზე. ამასთან, ბაიიმ სცადა, ეს განცხადება შეერბილებინა ფრაზით: „ევროკავშირის ინსტრუმენტები შავ-თეთრი არაა, არსებობს ეკონომიკური ზომები და ინვესტიციები, რომლებიც ევროკავშირთან დაახლოებას უწყობს ხელს. ჩვენ უკვე ვაღიარეთ უკრაინის სწრაფვა ევროპისკენ და მზად ვართ, არსებული ინსტრუმენტების დონეზე - პოლიტიკური დიალოგითა და ეკონომიკური დაახლოებით - მხარიც დავუჭიროთ“.
ამასთან, ევროკომისიამ დაადასტურა ბრიუსელში უკრაინის ტექნიკური დელეგაციის ჩასვლა, თუმცა მოლაპარაკების გეგმაზე არ ულაპარაკია.