საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ბოლო ერთი თვეა, ლარის კურსი საგრძნობლად ეცემა. ექსპერტები ვერ ამბობენ, როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი, თუმცა ლაპარაკობენ მიზეზებზე.
ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 1.71 ლარს აღემატება. ეროვნული ვალუტის გაძვირებამ მოსახლეობაში ფასების ზრდის მოლოდინი გააჩინა.
ლარის კურსის ვარდნასა და ინფლაციას ეკონომიკური გუნდი სეზონურობას უკავშირებს და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: „ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც წლის ბოლოს, ფისკალური სტიმულირების მოცულობის ზრდასთან ერთად, ხდება გარკვეულწილად სავალუტო კურსის წანაცვლება. ამაში ჩვენ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ და სერიოზული რყევები სავალუტო კურსში არ იქნება“.
„იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში გაიზრდება ლარზე მოთხოვნა ძალიან ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ყველა ინსტრუმენტი არსებობს იმისა, რომ საქრთველოში ყველაფერი იყოს პროგნოზირებადი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ლარის კურსის ცვალებადობაში უჩვეულო არაფერია. თუ გადახედავთ მეზობელი ქვეყნების ვალუტის კურსს დოლართან მიმართებაში, ასევე არის რყევა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა ეკონომიკაში. ასე რომ, არაფერი საგანგაშო აქ არ ხდება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„ფინანსთა მინისტრის ადგილზე ასეთ მშვიდ კომენტარს არ გავაკეთებდი. მთავრობამ არ გააკეთა საკმარისად ყველაფერი, რომ ლარის კურსი ყოფილიყო მყარი. საუბარი იმაზე, რომ ნუ გეშინიათ ნურაფრის - არაფერს ნიშნავს იმ ათასობით საქართველოს მოქალაქისთვის, რომელსაც უწევს კრედიტის გადახდა. ხალხს სჭირდება პასუხი, პროგნოზი, რომ დაგეგმოს თავისი მომავალი“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა.