აქტუალური
საქართველოს მთავრობამ მინდია გულუას 1 000 დოლარად, გადასცა 380 000 კვ. მ. ნაკვეთი თბილისის ზღვაზე

1-akt-1-guluaსაქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საინფორმაციო პორტალი "Грузия-Онлайн" იტყობინება, საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, 1 000 დოლარად, გადასცა ვარკეთილი-3 -ის IV მიკრორაიონში მდებარე 380 ათასი კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია თბილისის ზღვის ინოვაციებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია რუსეთში მოღვაწე მილიარდერი მინდია გულუა.

სანაცვლოდ კომპანიამ 2015 წლის 1 მარტამდე 32 700 კვ. მ. ფართობზე უნდა უზრუნველყოს მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობა სამი დარბაზით, მათ შორის, ერთ -ერთის ტევადობა 7 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

საინვესტიციო პროექტში დაგეგმილია აგრეთვე ოლიმპიური აუზისა და მძლეოსნობის არენის მოწყობა. 2015 წლის 1 აგვისტომდე ”თბილისის ზღვის ინოვაციებმა” 4 საფეხბურთო მოედანი უნდა მოაწყოს, რომლებიც შემდეგ უსასყიდლოდ გადა სახელმწიფო საკუთრებაში. კომპანიამ პროექტში მთლიანობაში 22 მილიონ 500 ათასი ევროს მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ობიექტმა თავისი პროფილი 49 წლის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს. 

 

ცნობისათვის: შპს მგ თბილისის ზღვის ინოვაციები საჯარო რეესტრში 2013 წლის  აგვისტოს ბოლოს დარეგისტრირდა. მისი მფლობელი - მინდია გულუა - რუსეთში არყის ბიზნესის 62% აკონტროლებს. ამასწინათ ის ახალი კომპანიის სანტა მარია ჰოლდინგის დამფუძნებელიც გახდა, რომელიც რუსეთისა და უკრაინის უძრავი ქონების ბაზარზე 1,35 მილიარდი დოლარის ინვესტირებას აპირებს.

გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში გულუამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ქართული ბანკის ყიდვას აპირებს, რათა მოსახლეობის კრედიტები გამოისყიდოს, შემდეგ კი მათთვის საკრედიტო მომსახურების საპროცენტო განაკვეთი შეამციროს. ამასთანავე, გულუა დევნილებისთვის რეგიონებსა და თბილისში სახლების აშენებას გეგმავს. მის სამომავლო პროექტებში შედის გორის რაიონში ხილის საკალიბრე ქარხნის, ხოლო დასავლეთ საქართველოში ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა.

მინდია გულუა წარმოშობით სოხუმელია. ამჟამად ის საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მფლობელია, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გამოდის.