კიევის ცენტრში სამთავრობო კვარტალი ძალოვანებმა დაბლოკეს
საქართველო, 10 დეკემბერი,
საქინფორმი. კიევში სამთავრობო კვარტალი მილიციის თანამშრომლებს აქვთ ბლოკირებული. ამის შესახებ უკრაინული ტელეარხი იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ძალოვანების 20 ავტობუსია მობილიზებული და მოქალაქეების მსუბუქ ავტომანქანებს კვარტლის ტერიტორიაზე არ უშვებენ. ძალოვანები მხოლოდ სამთავრობო მანქანებსა და სპეციალური საშვის მქონე მძღოლებს ატარებენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უცნობია, რა მიზნით აქვთ ძალოვანებს ტერიტორია ბლოკირებული.
გავრცელებული ცნობით, მიზეზი ვიქტორ იანუკოვიჩისა და უკრაინის ყოფილი სამი პრეზიდენტის შეხვედრაა, რომელიც დღეს გაიმართება.
წუხელ გვიან ღამით "ბერკუტმა" და შინაგანმა ჯარებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მინისტრთა კაბინეტისა და უმაღლესი რადას მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ბარიკადები დაშალეს.
ამასთან, "ინტერფაქს უკრაინას" ინფორმაციით, კიევის მილიციაში აცხადებენ, რომ წუხელ სამთავრობო კვარტალის მომიტინგეებისგან გაწმენდისას ორი მილიციელი დაშავდა.