უცხოეთი
საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობაზე ესაუბრა.
თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენსა და იანუკოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა."აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის და ეს უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიულ ურთიერთობასთან შეუთავსებელია", - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინაში ძალადობის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და იანუკოვიჩს ქვეყანაში არსებული სიტუაციის დაუყოვნებლივ დესკალაციისკენ, ასევე ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს და მიესალმება ქეთრინ ეშტონისა და ვიქტორია ნულანდის ვიზიტს კიევში.