რელიგია
ილია მეორე: „თვითმმართველობის კანონი თუ განხორციელდა, საქართველოს დაშლა ემუქრება!“

1sazogad-2-relig-1-kanoniსაქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. თვითმმართველობის კანონი თუ განხორციელდა, ეს საქართველოს დაშლა იქნება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისეფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს, რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული. ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს, რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს დახელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში", - განაცხადა ილია მეორემ.